ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრები, სერხიო სკარიოლო
Aa
Aa

ესპანეთის მწვრთნელი: ჩვენს მიმართ დიდი ზეწოლაა, რომელსაც თავად ვახორციელებთ

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერხიო სკარიოლომ ევრობასკეტის დაწყებამე 1 დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

სკარიოლომ დეტალურად ისაუბრა თავისი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, თაობათა ცვლის პროცესზე და სირთულეებზე, რომელიც ესპანეთის ნაკრებს ამ ევრობასკეტზე შეხვდება.

რა თქვა სერხიო სკარიოლომ:

საკუთარ თავთან კონკურენცია უნდა დავძლიოთ. ახლა სისულელეა იმაზე საუბარი თუ სად ვიყავით ადრე და სად ვართ ახლა. ამ ტურნირზე ყოველი თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევა და დაბრკოლება იქნება. მნიშვნელოვანია ტურნირის გამარჯვებით დაწყება და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.

ახლა სხვა ტურნირებთან შედარებით ახალგაზრდა გუნდი გვყავს. შეგვიძლია გულშემატკივრებს ბევრი სიახლე, მეტი ენერგია და თავდადება შევთავაზოთ.

სხვა დროს, პირველივე დღეებიდან დიდი ზეწოლა გვქონდა, რომლის მართვაც რთული იყო. ახლა კი გვაქვს ზეწოლა, რომელსაც ჩვენივე მხრებზე თვითონ ვახორციელებთ.

გუნდში მყოფი 12 მოთამაშიდან 7-ს დიდ ტურნირზე არასდროს უთამაშია. ამის გათვალისწინებით ვიცით, რომ წელს განსაკუთრებული სირთულეები გველის, მაგრამ არ გვეშინია. იმედი მაქვს, რომ ჩემს ახალგაზრდა მოთამაშეებს დიდი მოტივაცია ექნებათ და ამ ასპარეზს სწორად გამოიყენებენ. უნდა დაამტკიცონ, რომ კონკურენცია შეუძლიათ, უნდა გადადგან ნაბიჯი წინ და გვაჩვენონ, რომ ამ დონის შეჯიბრზე თამაშისთვის მზად არიან.

ასე, რომ სამუშაო ბევრია. მნიშვნელოვანია, რომ იქნებიან გამოცდილი მოთამაშეებიც. გვინდა, რომ ახალგაზრდები მათ მაგალითზე გაიზარდონ, მათი სტილი შეისწავლონ და ღირებულებები გაითავისონ. ცხადია, არავის ვთხოვთ, რომ რიკი რუბიოს მსგავსი პასის გაკეთება ისწავლონ, მაგრამ თავისუფალი კაცის მოძებნა, ზონების გათავისუფლება და თავდადება ყველა მოთამაშეს მოეთხოვება.

რაც შეეხება ბულგარეთს, მათ ჰყავთ დე ბოსტი და საშა ვეზენკოვი. რა თქმა უნდა, ბულგარელთა მწვრთნელმა ჩემზე უკეთ იცის მათი შესაძლებლობები, მაგრამ გარედან ვხედავთ, რომ ე.წ. „პიკ-ენ-როლში“ ძლიერები არიან, კარგად პოულობენ სივრცეებს და ბევრ გადაცემას აკეთებენ, რაც ამ ორ მოთამაშეს თავისუფალ სივრცეს აძლევს.

საერთო ჯამში, ჩვენი თაობათა ცვლა აქ არ დამთავრდება. ვართ ოპერაციაში, რომლიდანაც უნდა მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება და გამოცდილება, რაც თაობათა ცვლის პროცესში დაგვეხმარება. ერთის მხრივ გვინდა, რომ ტურნირზე კარგად ვითამაშოთ, მეორეს მხრივ კი მოთამაშეებმა უნდა ნახონ მათი შესაძლებლობები და ის, თუ ვის შეუძლია ოლიმპიურ თამაშებზე კარგად თამაში. შესაბამისად, ამ ციკლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ტურნირზე პირველ შეხვედრას ხვალ, ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში კი 3 სექტემბერს, 21:00 საათზე შედგება. ყველა მატჩი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება, რომელიც სპეციალურად ევრობასკეტისთვის აშენდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები