ჯორჯო კიელინი
Aa
Aa

რა მიზეზით შეარჩია ლოს-ანჯელესმა კიელინი?

ჯორჯო კიელინიმ ტურინული კარიერა დაასრულა და მომავალი სეზონიდან ამერიკაში, კონკრეტულად კი „ლოს-ანჯელესში“ ითამაშებს. ვეტერანმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჯორჯომ იუვეს დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა. კიელინიმ „ბიანკონერიში“ კარიერის დასრულებას ახალი გამოწვევები არჩია. შეგახსენებთ, რომ 37 წლის ცენტრალურ მცველს იტალიის გარეთ არასდროს უთამაშია.

ამერიკული გუნდი საკუთარი პრესტიჟის და პოპულარობის გაზრდას ყოველ წელს ცდილობს. კიელინი კი ამის შესანიშნავი საშუალებაა. მეტიც, ჯორჯო „ლოს-ანჯელესის“ დაცვას გაცილებით ძლიერს და სტაბილურს გახდის.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი უკანახაზელის დებიუტი ახალ კლუბში შესაძლოა 7 ივლის „ლოს-ანჯელეს გელექსის“ წინააღმდეგ შედგეს. მოგეხსენებათ, ლოს-ანჯელესური დერბი MLS-ში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირებაა.

„ლოს-ანჯელესის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და თანა პრეზიდენტმა ჯონ ტორინგტონმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა კიელინის გადაბირება.

ტორინგტონი:

„კიელინი გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელია. მისი ჩვენთან გადმოსვლა ბევრ რამეში წაგვადგება. პირველ რიგში, დაცვის ხაზი მასთან ერთად უფრო ძლიერი და საიმედო გახდება. სხვა მხრივ, მარკეტინგული გათვლაც მნიშვნელოვანია. ჯორჯოს თამაშის ყურება ყველას უნდა და ტრანსლაციების ღირებულება გაიზრდება. ჩვენ ერთად საოცარ პერიოდს გავივლით.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები