რუსეთი, უეფა
Aa
Aa

უმკაცრესი სასჯელი - UEFA-მ რუსეთი 2022/23 წლების ყველა ტურნირიდან მოკვეთა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რუსეთს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე მორიგი მკაცრი სანქციები დაუწესა. UEFA-მ ოფიციალური გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

UEFA-ს მიერ დაწესებული შეზღუდვები ასე გამოიყურება:

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონი - რუსეთი B ლიგის მეორე ჯგუფში ვერ მიიღებს მონაწილეობას და სატურნირო ცხრილში ავტომატურად მეოთხე ადგილს დაიკავებს. შესაბამისად, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ქვედა ლიგაში დაქვეითდებიან და 16-გუნდიან გათამაშებაში ბოლო ადგილს დაიკავებენ.

უეფას ქალთა ევროპის ჩემპიონატი (ფინალური ეტაპი) - რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას ქალთა შორის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის C ჯგუფში, რომელიც 6-დან 31 ივლისის ჩათვლით ინგლისში გაიმართება. ამასთან, რუსეთის ნაკრებს ტურნირზე პორტუგალია ჩაანაცვლებს, რომელიც პლეი-ოფში სწორედ რუსეთთან დამარცხდა.

ქალთა შორის, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპიდან - შეზღუდვების პირველი ეტაპის გამო რუსეთმა E ჯგუფში შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი არ ითამაშა. რუსეთის ნაკრები არც მომდევნო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას და მათ მიერ ნაჩვენები ყველა შედეგი გაბათილებული იქნება. შესაბამისად, რუსეთი შესარჩევი ეტაპის E ჯგუფში ავტომატურად ბოლო ადგილს დაიკავებს.

2021-23 წლების 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი - პირველადი შეზღუდვების გამო, რუსეთის ნაკრებმა მარტში დაგეგმილი ორი მატჩი არ ჩაატარა. რუსეთის ნაკრები არც მომდევნო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას და წარსულში ნაჩვენები ყველა შედეგი ანულირებული იქნება.

2022/23 წლების საკლუბო ტურნირები (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, კონფერენს ლიგა, ქალთა ჩემპიონთა ლიგა და უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა) – 2022/23 წლების სეზონში არცერთი რუსული კლუბი და ვერც მათი ასაკობრივი გუნდები საკლუბო ტურნირებზე არ დაიშვებიან. ამის გარდა, რუსეთს მიენიჭება ქულების კოეფიციენტის ყველაზე დაბალი რაოდენობა, რომელიც ბოლო ხუთ სეზონთან იქნება ექვივალენტური. შესაბამისად, ეს უეფას რეიტინგში მნიშვნელოვან დაქვეითებას გამოიწვევს.

2022 ქალთა ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი - რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას 1-3 ივლისს, პორტუგალიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე, მისი ადგილი კი უნგრეთით ჩანაცვლდება, რომელმაც რუსეთის ნაკრების ჯგუფში შესარჩევი ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა.

2022/23 წლების ქალთა ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი - იმის გამო, რომ წინა წლის შესარჩევ ეტაპზე რუსეთმა პირველი ადგილი დაიკავა, ამის გამო ის პირდაპირ მეინ რაუნდში მოხვდა. ახლა კი მის ადგილს წინასწარი რაუნდის საუკეთესო მეორეადგილოსანი დაიკავებს.

2022/23 წლების ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა - ტურნირზე მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერცერთი რუსული კლუბი და ამასთან, მათი ასაკობრივი გუნდი.

2024 წლის ფუტსალის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპიდან - რუსეთს მეინ რაუნდის ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე ნორვეგია ჩაანაცვლებს, რომელმაც წინასწარ რაუნდში საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდი იყო.

2022/23 წლების ახალგაზრდული ტურნირები - რუსეთის 17-წლამდე და 19 წლამდე გუნდები ყველა ტურნირიდან მოიხსნნენ. შეზღუდვები გავრცელდება ქალთა ასაკობრივ გუნდებზეც.

2022/23 წლების რეგიონალური თასი - რუსეთს შუალედური ტურის პირველ ჯგუფში წინასწარი რაუნდის მეორეადგილოსანი ჩაანაცვლებს.

რამდენიმე თვის წინ, რუსეთის საფეხბურთო კავშირმა EURO 2028-ის ან EURO 2032-ის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა და ამასთან დაკავშირებით, უწყებაში ოფიციალური განცხადებაც შეიტანა, თუმცა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, რუსულმა მხარემ მასპინძლობაზე კატეგორიული უარი მიიღო.

UEFA-ში ასევე ამბობენ, რომ ისინი აქტიურ რეჟიმში გააგრძელებენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას და მდგომარეობის განვითარების შესაბამისად გადაწყვეტილების შეცვლაზე, ან სანქციების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებაზე იმსჯელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
EA-მ გადაწყვეტილება მიიღო - რუსული კლუბები და ნაკრებები FIFA 22-დან ამოიღეს
EA-მ გადაწყვეტილება მიიღო - რუსული კლუბები და ნაკრებები FIFA 22-დან ამოიღეს