საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება
Aa
Aa

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ჩინეთში ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე ნაკადად გაემგზავრება. დელეგაციის პირველი ნაწილი: სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი მამუკა ხაბარელი, ადმინისტრაციული პერსონალი და მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი 28 იანვარს, 31 იანვარს სამთო-მოთხილამურეები და სამედიცინო პერსონალი, ფიგურული მოციგურავეები კი პეკინში  1 თებერვალს, რუსეთიდან გაემგზავრებიან.

2 თებერვალს პეკინში გაემგზავრებიან სეოკ-ის პრეზიდენტი, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი ლერი ხაბელოვი, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მარიამ გიორგობიანი და თამაშებზე აკრედიტირებული მედიის წარმომადგენლები.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში 9 სპორტსმენი იასპარეზებს:

მორის ყვითელაშვილი (ფიგურული ციგურაობა), ლუკა ბერულავა (ფიგურული ციგურაობა), კარინა საფინა (ფიგურული ციგურაობა), გიორგი რევია (ფიგურული ციგურაობა), მარია კაზაკოვა (ფიგურული ციგურაობა), ანასტასია გუბანოვა (ფიგურული ციგურაობა), ნინო წიკლაური (სამთო თხილამურობა), სოსო ჯაფარიძე ( სამთო თხილამურობა), საბა ქუმარიტაშვილი ( ციგაობა).

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები მოთხილამურე, ნინო წიკლაური და მოციგურავე,  მორის ყვითელაშვილი იქნებიან.

ჩინეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ჩჟუნვენ გოუს თქმით, ჩინეთი სპორტული დელეგაციების მისაღებად სრულ  მზადყოფნაშია. ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები სტარტს  2022 წლის 4 თებერვალს აიღებს და 20 თებერვლამდე დასრულდება.

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები