ანალიზი: ახალი სქემა, რომელიც რიცხობრივ უპირატესობას ქმნის
Aa
Aa

ანალიზი: ახალი სქემა, რომელიც რიცხობრივ უპირატესობას ქმნის

2021 წელს საქართველოს ნაკრებმა თავისი ბოლო მატჩი გორში უზბეკეთის წინააღმდეგ ჩაატარა და 1:0 მოიგო. კალენდარული წელი ნამდვილად დადებითი ემოციებითა და ოპტიმისტური განწყობით დავასრულეთ და ველით 2022 წლის გაზაფხულს, როცა ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის გათამაშებაში ჩაებმება, სადაც უკვე შეცდომები გაცილებით ძვირად ფასობს და ისე თამაშის უფლება აღარ გვაქვს, როგორიც შინ საბერძნეთთან და კოსოვოსთან ვიხილეთ.

რა ვნახეთ შემოდგომის შეხვედრებში? რეალურად რას წარმოადგენს სანიოლის გუნდი, რომელმაც იმედისმომცემად დაიწყო, ცუდად გააგრძელა და ასევე იმედისმომცემად დაასრულა. ტაქტიკური ჭრილი, ცალკეული ფეხბურთელები და სათამაშო სისტემა, რომელიც უკვე მკვეთრად გამოიკვეთა.

ტრადიციულად ჩემს ხედვასა და შეფასებებს შემოგთავაზებთ და შემდეგ სიამოვნებით მოვისმენ თქვენს მოსაზრებებს.

3 მცველი და გაძლიერებული ფლანგები - როგორ იქმნება რიცხობრივი უპირატესობა

კოსოვოსთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან უსუსურად დამარცხების შემდეგ, სანიოლმა გუნდი ახალ სქემაზე გადააწყო - 3-4-3, რომელიც საჭიროებისამებრ 5-2-3-ად ფორმირდება და ჩვენი შემადგენლობიდან, სტილიდან, არსებული რესურსიდან და ფეხბურთელთა სათამაშო ფორმიდან გამომდინარე ამ მომენტისთვის ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

„ბოლო სამი თამაში, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმ ოპტიმიზმს, რომ შემდეგი ციკლისთვის უკეთესად ვითამაშოთ. სათამაშო ხარისხი გავაუმჯობესეთ, ახალი სისტემაც ვიპოვეთ, რომელიც კომფორტულია ფეხბურთელებისთვისაც და მწვრთნელებისთვისაც“.

- ამბობს გურამ კაშია, რომელიც ახალ სქემას ხაზს უსვამს და იწონებს.

შესაძლოა ბევრს 4-3-3 სქემა მოსწონდეს, თუმცა ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, თუ ვის ეთამაშები, როგორ ფორმაში ხარ შენ და რომელი ფეხბურთელები არიან შენს განკარგულებაში კონკრეტული მატჩისთვის.

საქართველოს ნაკრები 4 მცველით თამაშის დროს უკან ბევრ სივრცეს ტოვებს, რომელთა გაკონტროლებას ჩვენი უკანახაზელები ხშირად ვერ ასწრებენ. ნახევარდაცვაში კი ჯაბა კანკავას გარდა (რომელიც უკვე 35 წლის არის) ართმევაზე ხისტად და სუფთად მოთამაშე ფეხბურთელი არ გვყავს, ვინც მცველებს დააზღვევს და საქმეს შეუმსუბუქებს.

ახალი სათამაშო სისტემა თამაშის გარკვეულ მომენტებში რიცხობრივ უპირატესობას გვაძლევს. მაგალითად, თავდაცვისას ხოჭოლავა-კაშია-კაკაბაძის ტრიო საჯარიმოს იცავს, აზაროვი და ლობჟანიძე კი ფლანგებს, რომელთა წინ კვეკვესკირი-გვილიას საყრდენთა დუეტი ემატება და გუნდი საკმაოდ სწრაფად თავის დაცვას ერთბაშად 7 მოთამაშით ახერხებს.

კონტრშეტევაზე გადასვლა, რომ ამ შემადგენლობას კარგად გამოსდის, ეს შვედეთთანაც ვიხილეთ.

პირადად ჩემი აზრით, ამ სქემაში ყველაზე კარგი მიგნება საბა ლობჟანიძის პოზიციაა, რომელიც მარჯვენა ფლანგს სრულად აკონტროლებს. შეტევაში აქტიურია და მცველებს უკან დროულად ეხმარება. მისი სისწრაფე სანიოლმა როგორც იქნა სწორად გამოიყენა.

ამ მომენტში კარგად ჩანს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს კონტრშეტევებისას თავდაცვისას მოედანზე საბას ყოფნას.


რაც შეეხება შეტევისას არსებულ რიცხობრივ უპირატესობას. უკან სტაბილურად მდგომი 3 მცველი, ჩვენს ფლანგელებს წინ თამამად ასვლის საშუალებას აძლევს. ასეთ დროს კი მეტოქე გუნდის განაპირა მცველი წიტაიშვილი-ლობჟანიძის წინააღმდეგ რჩება.

ზურიკო დავითაშვილმაც დაამტკიცა, რომ ამ პოზიციაზე წიტაიშვილს კონკურენტი ჰყავს და შანსს ისიც იმსახურებს. ამ მხრივ სანიოლს სასიამოვნო თავსატეხი აქვს.

ანალოგიური ვითარებაა მარცხნივაც - სადაც აზაროვი-კვარაცხელია ჩვენს ნაკრებში ერთ-ერთ საუკეთესო დუეტს ქმნის, რომელიც უახლოესი 10 წლის განმავლობაში იმედია გულშემატკივრების გულების გახარებას ისევე შეძლებენ, როგორც ეს ბოლო მატჩებისას ვნახეთ.

ხშირი ტრავმები, ნაკლები სათამაშო პრაქტიკა, არც ისე ღრმა სკამი - ნახევარდაცვის ცენტრში ასეთი მდგომარეობაა, რაც მოედნის შუა ხაზში 3 მოთამაშის გამოყენებაზე უარის თქმას სრულიად ლოგიკურს ხდის.

დავით ვოლკოვი - ნოემბრის მოულოდნელი გაელვება

ფორვარდი, რომელსაც ვეძებდით. 185 სმ. სიმაღლის, ფიზიკურად ძლიერი, საჰაერო ორთაბრძოლებს იგებს, ბურთისთვის ბრძოლაში პრაქტიკულად არ მარცხდება, დაცვაშიც ჩადის და გუნდელებს ეხმარება, გოლიც გაიტანა, სისწრაფესაც არ უჩივის. მისგან შესაძლოა იდეალური ცხრიანი მივიღოთ, რომელიც საქართველოს ნაკრებს წლებია აკლია.

„მინდა აღვნიშნო, რომ არასოდეს მინახავს ასეთი ასაკის მოთამაშე, რომელიც სანაკრებო სიაში ასე კარგად ჩაეწერებოდა. მან დამანახა, რომ სანაკრებო შანსს აქამდეც იმსახურებდა. ამ კუთხით ჩემს თავზე ცოტა გაბრაზებული ვარ, მაგრამ როგორცაა ნათქვამი, სჯობს მოხდეს რაღაც, თუნდაც გვიანი იყოს. მიხარია, რომ ის ჩვენთან ერთადაა“.

- ამბობს სანიოლი.

გიორგი მიქაუტაძის გამოჩენის შემდეგ, მალევე ნაკრებში სხვა სტილის და ასევე ძალიან საჭირო ფორვარდი გამოჩნდა, რაც ჩვენს მწვრთნელს მეტ არჩევანს აძლევს.

პრობლემა ის არის, რომ გუნდი თამაშის მსვლელობისას მოედანზე მყოფი 9 ნომრის პასებით მომარაგებას ვერ ახერხებს, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამ მხრივ სამწვრთნელო შტაბს სამუშაო აქვს.

ვოლკოვის გოლის დროს შეტევა ნიკა კვეკვესკირის კარგი პასით დაიწყო. ზოგადად „კვეკვემ“ უზბეკეთთან თითქმის ყველა შესაძლებლობა გამოიყენა, რომ წინ გრძელი პასი გაეკეთებინა. კრეატიულად მოქმედება - გადაცემა ერთი შეხებით, რომელიც სიტუაციას მუხტავს - ამ მხრივ გუნდში ნიკას მსგავსად ვერავინ თამაშობს და ბოლო შეხვედრებში მისასალმებელია, რომ ვითარებაში სანიოლიც გაერკვა, მიხვდა, თუ რომელი ფეხბურთელი უნდა იყოს ნახევარდაცვის ცენტრში ხელშეუხებელი.


ინდივიდუალური შეცდომები - პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელია

ბოლო მატჩებში ჩვენმა ფეხბურთელებმა და განსაკუთრებით მცველებმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს, რაც მეტოქემ გვაპატია, რიგ მომენტებში კი ლორიამ გვიხსნა.

რამდენჯერმე უხეშად შეცდა ხოჭოლავაც, რომელიც ნოემბერში უკეთესი იყო, ვიდრე ოქტომბერში.

ხოჭოლავა ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ძალაა და მისგან ყოველთვის მაქსიმუმს მოვითხოვთ, მას მეტი კრიტიკა მოუწევს ვიდრე სხვა მცველებს, რადგან ის ნაკრების დაცვის მომავალი ლიდერია, ადრე თუ გვიან კაშიას შეცვლა მოუწევს.

მოსამატებელი აქვს კაკაბაძესაც და ამის შემდეგ დაცვა გაცილებით უკეთ ათამაშდება.

ინდივიდუალური შეცდომები საკმაოდ მრავლად იყო, რაც ერთა ლიგაზე ძვირად დაგვიჯდება. გუნდმა ჯამში იბრძოლა და კარგად ითამაშა, ახალმა სქემამაც იმუშავა, თუმცა ჩემს მიერ ჩამოთვლილი პრობლემები აშკარაა და ნამდვილად არსებობს, რაზეც სამწვრთნელო შტაბს სერიოზული მუშაობა მოუწევს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განაცხადში სხვა კადრებიც გვყავს, რომლებიც კონკურენციისთვის მზად არიან და შესაძლოა სამომავლოდ უკანა ხაზში ცვლილებებიც ვიხილოთ.

ნაცნობი სურათი - ყაზაიშვილი პასებს არ აკეთებს

უზბეკეთთან სასტარტოდან დაიწყო ვაკო ყაზაიშვილმა, რომელსაც ეტყობა, რომ კარგ ფორმაშია. ფიზიკურადაც და ყველანაირად, თუმცა რა პრობლემაც წლებია აქვს, ამჯერადაც არ შეცვლილა - პასი.

თამაშის გამწვავების შემდეგ, ვაკო საჭირო პასს 10-დან 8 შემთხვევაში არ აკეთებს. ასე იყო ამჯერადაც.

შეხვედრის სტარტზე კარგი გარღვევის შემდეგ, ერთი პასით შეეძლო საგოლე მომენტი შეექმნა. ასევე მე-17 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ვაკოს თამაშის გამწვავების შანსი მიეცა, მომენტი მოითხოვდა, რომ ყაზაიშვილს პასი ცენტრისკენ ვოლკოვისთვის გადაეწოდებინა, თუმცა ამჯერადაც თავის თავზე აიღო.

44-ზე წუთზე ვაკო საჯარიმოში ხელსაყრელ სიტუაციაში იმყოფებოდა, თუმცა უკეთეს პოზიციაზე ეხსნებოდა კაკაბაძე, რომელსაც შეეძლო ერთი შეხებით ბურთი კარის ბადეში გადაეგზავნა, თუმცა ყაზაიშვილმა სიტუაცია ამჯერადაც არასწორად შეაფასა.


ჩრდილოეთ მაკედონიასთან შარშან ერთა ლიგის მატჩშიც ასეთი რამ ვიხილეთ, როცა 2:0 უნდა გამხდარიყო, თუმცა...


უფრო უკანაც შეგვიძლია წავიდეთ. სერბეთთან მატჩი ხომ ყველას გვახსოვს, როცა 1:0-ს ვიგებდით და...


ამ მომენტში ყაზაიშვილი გადაუჭრელ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მის პოზიციაზე მინიმუმ 3 გაცილებით მაღალი დონის მოთამაშე გვყავს, უბრალოდ უზბეკეთთან ვაკოს თამაშის საშუალება მიეცა და ნაცნობი სურათი კვლავ ვიხილეთ, რომელსაც იმედია მნიშვნელოვან მატჩებში მეტად ვეღარ ვნახავთ.

სასიამოვნო სერია - სანიოლს შანსი აქვს ისტორიული მაჩვენებელი დააფიქსიროს

ზედიზედ 3 მატჩი მოვიგეთ. 2 ოფიციალური და 1 ამხანაგური. 2022 წელს თუ ეს სერია გაგრძელდა ვილი სანიოლს ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეეძლება.

საქართველოს ნაკრების ყველაზე გრძელი მოგებათა სერია 5 მატჩს შეადგენს. ეს 1997-1998 წლებში მოხდა, როცა გუნდს ლეგენდარული დავით ყიფიანი წვრთნიდა.

მოლდოვა 0-1 საქართველო

საქართველო 3-0 პოლონეთი

ლატვია 1-2 საქართველო

ალბანეთი 0-3 საქართველო

მალტა 1-3 საქართველო

დასკვნა - პრობლემები კვლავ არის, თუმცა პოზიტივიც შეინიშნება

დღევანდელ სტატიაში დადებით ფაქტორებზე ვისაუბრე, ასევე პრობლემებზეც. ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინოს.

ერთა ლიგაზე ამჯერად ანდორა და ლატვია არ შეგვხვდება. სლოვაკეთი, თურქეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და სხვები გველის. გაცილებით ძლიერი გუნდები, რომელთა დამარცხება ნამდვილად შეგვიძლია.

რესურსი გვაქვს, ნელ-ნელა იკვეთება როგორ უნდა ვითამაშოთ, რომელი სქემით. საბედნიეროდ ნაკრებში ახალი სახეების მატება შეინიშნება, ტრიბუნებს დაუბრუნდა მაყურებელი, რომელმაც გუნდს დიდი მუხტი და ენერგია მისცა, რომელიც იმედია ახალი წლიდან 33%-ზე მეტით იქნება წარმოდგენილი და ჩვენი საკოორდინაციო საბჭოც მორიგ სულელურ გადაწყვეტილებას აღარ მიიღებს ან თუ მიიღებს ერთად გადავათქმევინებთ. ჩვენი გასაკეთებელი ჟურნალისტებმაც და გულშემატკივრებმაც უნდა გავაკეთოთ, რადგან ეროვნული ნაკრები მხოლოდ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი არ არის - ეს გუნდი ქვეყნის სახე უნდა იყოს და თუ გვინდა, რომ „ჩვენი გარეგნობა უკეთესი იყოს, უკეთ გამოვიყურებოდეთ“, შეცდომები გავითვალისწინოთ და მათზე ვისწავლოთ.

ბოლომდე დახარჯვა და მოედანზე სულის დადება, ხასიათის გამოჩენა გვმართებს. ყველა შეხვედრაში, ისევე როგორც ეს ბოლო 3 მატჩში ვნახეთ. გამოდის, რომ შეგვძლებია და როცა ამას სტაბილური სახე მიეცემა, შედეგზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. იქამდე კი მხოლოდ „კარჯახუნა“ გუნდი ვიქნებით, რომელიც უმოტივაციოდ დარჩენისა და წნეხის მოხსნის შემდეგ, სხვა გუნდებს საქმეს უფუჭებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ვილიარეალი მასზე შეყვარებულია" - ხვიჩას ახალი მსურველი ჰყავს