„ექიმები ამბობდნენ, რომ ჩემი გადარჩენის შანსი 1 % იყო
Aa
Aa

„ექიმები ამბობდნენ, რომ ჩემი გადარჩენის შანსი 1 % იყო" - მაისაშვილმა ურთულეს პერიოდზე ისაუბრა

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, Daily Mail-მა საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა და ქართველი სპეციალისტის მიერ გადატანილ ურთულეს პერიოდზე ისაუბრა.

„ივლისში, სამხრეთ აფრიკასთან გამართული მატჩიდან 3 დღის შემდეგ, ლევან მაისაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისმა ფილტვებმა მუშაობა შეწყვიტა, მის სხეულში სასიკვდილო ბაქტერია აღმოჩნდა და დიდი შანსი იყო იმისა, რომ ყველაფერი ფატალურად დასრულდებოდა.

ექიმები იძულებული გახდნენ, 51 წლის სპეციალისტი ხელოვნურ კომაში შეეყვანათ და ამ მდგომარეობაში მან ერთი თვე გაატარა. ექიმები ამბობდნენ, რომ მისი გადარჩენის შანსი ერთი პროცენტი იყო... მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ექიმების პროგნოზის მიუხედავად, მაისაშვილმა ბოლომდე იბრძოლა, ვირუსს არ დანებდა და გამოჯანმრთელდა. მორნინგსაიდ ჰოსპიტალში მოხვედრიდან ორი თვის შემდეგ, მან იქვე მდებარე მილპარკ ჰოსპიტალი დატოვა, სადაც სპეციალური მკურნალობის ჩასატარებლად გადაიყვანეს, და თბილისში დაბრუნდა.

„მქონდა შეგრძნება, რომ მოვკვდებოდი. ჩემთვის ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ჩემი მეგობრებისთვის, მწვრთნელებისთვის, ჩემი ოჯახისთვის და ექიმებისთვის კი ყველაფერი პირიქით იყო. მათ დაახლოებით 40 დღე ლოდინში გაატარეს და ფიქრობდნენ, რომ ცოცხალს ვეღარ მნახავდნენ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ჩემი ორგანიზმი ვერ ფუნქციონირებდა.

კორონავირუსი 5 ივლისს დამიდგინდა. ჩვენი გუნდის ექიმმა, ნუცა შამათავამ საავადმყოფოში გამგზავნა, რადგან მაღალი ტემპერატურა მქონდა. პირველი 3-4 დღე მარტივი იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გართულდა. 8 ივლისიდან 10 აგვისტომდე არაფერი მახსოვს. 14 ივლისს, მილპარკ ჰოსპიტალში გადამიყვანეს, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საავადმყოფოა და ამის მიზეზი ჩემი უმძიმესი მდგომარეობა გახლდათ. ხელოვნურ სასუნთქ აპარატზე ვიყავი შეერთებული და იმ დღიდან დაახლოებით ერთი თვე ძილში გავატარე. აბსოლუტურად არაფერი მახსოვს.

საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. ექიმებმა, რომლებიც ჩემზე ზრუნავდნენ, ჩემთვის ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ჩემი მდგომარეობა იმდენად კრიტიკული იყო, რომ 3-4-ჯერ თქვეს, რომ ჩემი გადარჩენის შანსი 1 პროცენტი გახლდათ. ჩემი ფილტვები დამოუკიდებლად ვერ ფუნქციონირებდა და ჩემს სისხლში ბაქტერია და სოკო იყო გავრცელებული. ბაქტერიებთან საბრძოლველად ანტიბიოტიკებს იყენებენ, მაგრამ ბაქტერია, რომელიც მე მქონდა, ყველაზე საშინელი გახლდათ და ის ყველგან იყო; სისხლში, ფილტვებში... ყველგან“.

კომაში ყოფნისას მაისაშვილი ვერ ხვდებოდა, რამდენად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, კომიდან გამოსვლის შემდეგ კი გააცნობიერა, რომ დასრულებული არაფერი იყო და ახალი ეტაპი იწყებოდა, რომელსაც იგი „ჯოჯოხეთს“ უწოდებს. მაისაშვილი გაოცდა, როცა საკუთარ სხეულზე სამედიცინო აპარატურა დაინახა და შოკში ჩავარდა, როცა აღმოაჩინა, რომ 85 კილოგრამიდან 60-მდე დაიკლო.

„როცა ჩემი ფეხები და სახე დავინახე, საკუთარი თავი ვერ ვიცანი. კომიდან გამოსვლის შემდეგ, მხოლოდ ფიზიოთერაპევტის დახმარებით ვდგებოდი. ერთ ნაბიჯს წინ ვდგამდი, ერთს - უკან და შემდეგ მაღალი პულსით, საკუთარ სკამზე ვჯდებოდი, თუმცა ჩემს თავს ვუთხარი, რომ არ უნდა დავნებებულიყავი და ბოლომდე მებრძოლა“.

მაისაშვილს ემოციების მოთოკვა დღემდე უჭირს, როცა იმ დახმარებასა და მხარდაჭერაზე საუბრობს, რომელიც ამ ურთულეს პერიოდში მიიღო. ექიმებს, მედდებსა და ფიზიოთერაპევტებს, რომლებმაც მისი სიცოცხლე გადაარჩინეს, ის საუკეთესო მეგობრებს უწოდებს და რეალურად, სასწაულის მოხდენაში წვლილი უამრავმა ადამიანმა შეიტანა.

„ჩემი ექიმი, ნუცა შამათავა ყოველდღე ჩემთან იყო. რაგბის კავშირმა ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა ალავიძე გამოგზავნა, რომელიც ჩემთან 2 კვირის განმავლობაში დარჩა. შემდეგ ჩემთან ლექსო იორდანიშვილი მოვიდა. ყოველდღე, დილის 11-დან საღამოს 8-მდე, იგი ჩემ გვერდით იჯდა და ჩემს გამხნევებას ცდილობდა. სიტყვებით ვერ აღწერ, ეს რამდენად მნიშვნელოვანი იყო. ყოველთვის, როცა 3-4 ნაბიჯს გადავდგამდი, ის მამხნევებდა და მეუბნებოდა, რომ ასე გამეგრძელებინა. რაგბის კავშირმა და მისმა პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ უდიდესი თანადგომა გამომიცხადეს. მხარი დამიჭირეს ჩემი ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და ადამიანებმა, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რომ შევედი და შეტყობინებებს გადავხედე, ვნახე, რომ უამრავმა ადამიანმა მომწერა და გამამხნევა".

მაისაშვილი მადლიერია ასეთი გამოცდილება რომ მიიღო და სიკვდილს რომ გადაურჩა, რადგან ზოგისთვის ყველაფერი ფატალურად დასრულდა.

„სამხრეთ აფრიკაში ჩასვლის შემდეგ, ორი კვირა იზოლაციაში გავატარეთ. ტესტებს კვირაში 4-ჯერ ვიკეთებდით და მოთამაშეთა უმრავლესობა ვაქცინირებული იყო. კარგი პროტოკოლი გვქონდა შემუშავებული და ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა გარანტია მაინც არ გაქვს. იოჰანესბურგში ჩასვლისას ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ჯანმრთელი იყო და არ მინდა, ვისაუბრო კორონავირუსის გავრცელება ვისი ბრალია, მაგრამ პირველად Covid-19 აფრიკელ კოორდინატორს დაუდგინდა და ვწუხვარ, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. წარმოდგენა არ მაქვს, ვირუსი როგორ გადამედო. ალბათ, მის უკან ვიჯექი, როცა იოჰანესბურგიდან პრეტორიაში მივემგზავრებოდით“.

გამოჯანმრთელების შემდეგ, მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა და როგორც თავად ამბობს, ეს საოცარი რამ იყო.

„უამრავი ადამიანი მელოდებოდა. ჩემი მორაგბეები, თანაგუნდელები, მეგობრები, ოჯახის წევრები, რაგბის კავშირის წარმომადგენლები და უბრალო ადამიანები, რომლებიც მხარს მიჭერდნენ. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო“.

მაისაშვილს სუნთქვა კვლავინდებურად უჭირს, მაგრამ მისი მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება და სამუშაოსაც დაუბრუნდა. იგი საქართველოს ნაკრებს საფრანგეთთან და ფიჯისთან გასამართ მატჩებში გაუძღვება და თავად ამას თერაპიის გაგრძელებას უწოდებს“, - წერს Daily Mail.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი სხვადასხვა დროს 6-ჯერ დასახელდა წლის საუკეთესო მწვრთნელად. მილტონ ჰეიგის კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მაისაშვილი ბორჯღალოსნების დროებითი მთავარი მწვრთნელი გახდა, თუმცა მოგვიანებით, კონტრაქტი გაგრძელდა. მანამდე, 2016 წელს, მაისაშვილი ჰეიგის ასისტენტად მუშაობდა. მაისაშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენმა ნაკრებმა რაგბი ევროპის თასი ორჯერ მოიგო (2020-2021).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები