Aa
Aa

"სამომავლოდ ბევრი რამ გამოსწორდება" - ჩხარტიშვილი შვედეთთან მატჩის შემდეგ

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ ტურში სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 0:4 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი გოგოები ბოლომდე იბრძოდნენ, თუმცა ვარსკვლავურ შვედებთან წარმატების მიღწევა საკმაოდ რთულია.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ქალთა ნაკრების მცველმა ნინი ჩხარტიშვილმა Crystalsport-თან საუბრისას მატჩი შეაფასა.

რა თქვა ნინი ჩხარტიშვილმა?

„საოცრად რთული თამაში იყო. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს შევხვდით. შვედეთი მსოფლიო რეიტინგის სამეულში შედის. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ შვედეთი საკუთარ კედლებში თამაშობდა და სტადიონზე უამრავი გულშემატკივარი იყო მოსული. ამ ფაქტორებმა მატჩზე გავლენა იქონიეს. დადებითი ფაქტორებიც იყო. ბოლომდე ვიბრძოლეთ და რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. მიუხედავად ამისა, ყველამ დაინახა, რომ შვედეთი ჩვენზე ბევრად ძლიერია. ვფიქრობ, შეგვეძლო ნაკლები ანგარიშით წაგვეგო, თუმცა არ გამოგვივიდა. თამაშს ვინც უყურა, ყველა იტყვის, რომ ცდა არ დავაკელით.

შესვენებაზე გიორგი ჩხაიძემ ძალიან გაგვამხნევა. გვითხრა, რომ ჩვენი იმედი ბოლომდე ჰქონდა და კმაყოფილი დარჩა ჩვენი ბრძოლისუნარიანობით. ანგარიშის მიუხედავად, გვერდში ამოგვიდგა, გაგვამხნევა და მინდორზე დამუხტულები გამოგვიშვა. სხვაობა ფიზიკურ მომზადებაში შეიმჩნეოდა. შვედები ბევრად მაღლები და ძლიერები იყვნენ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ ნაკრებს პროგრესი აქვს. მოედანზე ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვიყავით. ნელ-ნელა ყველაფერს ვაუმჯობესებთ. სამომავლოდ ბევრი რამ გამოსწორდება და ეს მარცხი წარსულს დარჩება. სამწუხაროდ ჩვენს წაგებაზე ბევრი იცინის. დღევანდელი თამაში იმედს და მოტივაციას გვაძლევს. შემდეგ თამაშებში უფრო თამამები და მომზადებულები ვიქნებით. იმედი გვაქვს ქულებს ავიღებთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურებდა, გვგულშემატკივრობდა და გვაძლიერებდა.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩხაიძის გუნდი მე-40 წუთამდე დიდ წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეს, თუმცა ხსენებულ დროს ფილიპა ანგელდალმა ანგარიში გახსნა.

შვედები ამით არ დაკმაყოფილდნენ და ტაიმის მიწურულს ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ლამაზი კომბინაციის შედეგად მაგდალენა ერიქსონმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში მასპინძლები ისეთი ძალებით აღარ უტევდნენ, თუმცა 84-ე წუთზე კაროლინ სეგერმა თათია გაბუნიას კარში მესამე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ შვედმა ფეხბურთელმა პენალტი გამოიყენა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გიორგი ჩხაიძის გუნდმა მეოთხე გოლიც გაუშვა. საქართველოს კარში გოლი კვლავ სეგერმა გაიტანა. უკანასკნელი გოლი ისევ სტანდარტულ სიტუაციას მოჰყვა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები