სერია A-ს გადაწყვეტილება - მწვანე მაისურებით თამაში აიკრძალება
Aa
Aa

სერია A-ს გადაწყვეტილება - მწვანე მაისურებით თამაში აიკრძალება

სერია A-ს რეგლამენტში სათამაშო მაისურებთან დაკავშირებით საინტერესო ცვლილება შევიდა. 2022-23 წლების სეზონიდან კლუბები მოედანზე მწვანე ფერის სათამაშო მაისურებით ვეღარ გავლენ.

Football Italia-ს მიხედვით, ამის მიზეზი სამაუწყებლო კომპანიების პოზიციაა, რომლებიც სერია A-სთან თანამშრომლობენ. ისინი თვლიან, რომ მწვანე ფერის მაისური მოედნის საფარს ერწყმის, რაც საერთო სურათს აფუჭებს და სტადიონზე განვითარებულ მოვლენებს მაყურებლებისთვის რთულად აღსაქმელს ხდის. განსაკუთრებით ადამიანებისთვის, რომლებსაც ფერების გარჩევა უჭირთ.

ახალი რეგულაციები სერია A-ს კლუბების უმრავლესობისთვის პრობლემა არ იქნება, თუმცა რამდენიმე მათგანს ცვლილების გატარება მოუწევს. გასულ სეზონში, „ლაციოს“ გასვლითი ფორმა მთლიანად მწვანე ფერში იყო გადაწყვეტილი, „კროტონეს“ მე-3 მაისური კი მუქი მწვანე გახლდათ.

ყველაზე ბევრი კითხვის ნიშანი „სასუოლოს“ გარშემოა გაჩენილი. „ნეროვერდის“ მთავარი ფორმა მწვანე ფერისაა, თუმცა შავი ზოლები აქვს და იტალიური გამოცემების ვარაუდით, ეს პრობლემა არ იქნება, თუმცა ამ ეტაპზე, დაზუსტებული არაფერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები