იანისის გარეშე მოგებული მატჩი - მილუოკი ატლანტასთან დაწინაურდა
Aa
Aa

იანისის გარეშე მოგებული მატჩი - მილუოკი ატლანტასთან დაწინაურდა

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში „მილუოკი ბაქსი“ დაწინაურდა. ვისკონსინელებმა მე-5 შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართეს და საკადრო პრობლემების მიუხედავად, „ატლანტა“ დამაჯერებლად დაამარცხეს.

„ბაქსმა“ პირველი ნახევარი 9 ქულით მოიგო, მეოთხე მეოთხედის სტარტზე 18-ქულიან უპირატესობას ფლობდა და კომფორტული ჰანდიკაპის საფინალო სირენამდე შენარჩუნება არ გასჭირვებია - 123-112.

იანის ანტეტოკოუნმპოს გარეშე მოასპარეზე „მილუოკის“ 33 ქულითა და 7 მოხსნით ბრუკ ლოპესმა ულიდერა. კრის მიდლტონს სამმაგ დუბლამდე 2 შედეგიანი გადაცემა დააკლდა - 26 ქულა, 13 მოხსნა, 8 ასისტი. ჯრუ ჰოლიდეი 25 ქულით, 6 მოხსნითა და 13 პასით გამოირჩა, ხოლო პორტისს 22 ქულა, 8 მოხსნა და 3 ასისტი ჰქონდა.

„ატლანტას“ რიგებში 28 ქულით საუკეთესო ბოგდანოვიჩი იყო. კოლინსმა და გალინარიმ 19-19 ქულა მიითვალეს, ლუ უილიამსმა კი 17 ქულა დააგროვა. როგორც მოგეხსენებათ, იანისის გარდა, ტრავმა „ჰოუქსის“ ლიდერს, ტრეი იანგსაც აქვს და მის გარეშე ჯორჯიელებს ძალიან უჭირთ.

შეგახსენებთ, რომ „მილუოკი“ სერიაში 3-2-ს იგებს და მომდევნო შეხვედრა „ატლანტას“ საშინაო არენაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები