გურასპაული :
Aa
Aa

გურასპაული : "ქართული კალათბურთი ევროპული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია"

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევრობასკეტ 2022-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების ყველა მეტოქის ვინაობა გაირკვა. ცერემონიამდე ცნობილი იყო, რომ ჩვენთან თურქეთი და რუსეთი იქნებოდნენ, დანარჩენი სამი მოწინააღმდეგე კი წილისყრამ გამოავლინა.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა და რუსეთისა და თურქეთის გარდა, მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ესპანეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ იბრძოლებს.

კენჭისყრის შემდეგ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა კომენტარი გააკეთა

„ ევროპის ჩემპიონატის წილისყრის მსვლელობისას კიდევ ერთხელ დამეუფლა შეგრძნება, რომ ქართული კალათბურთი ევროპული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. რაც შეეხება მეტოქეებს -  ესპანეთი - ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ის ბოლო ათწლეულის ევროპის საუკეთესო გუნდია. სასიამოვნოა, რომ ქართველ გულშემატკივარს საშუალება მიეცემა საკუთარი თვალით იხილოს ეს ლეგენდარული ნაკრები. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ნაკრები ყველა მოწინააღმდეგესთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი. რუსეთი - რუსეთის ნაკრები ბედისწერამ გვარგუნა. წინასწარ ვიცოდით, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე იქნებოდა. საქართველო მასთანაც, რასაკვირველია, მოსაგებად იბრძოლებს. თურქეთი - ჩვენს მიერ არჩეული პარტნიორი, თურქეთის ნაკრები ძალიან სერიოზული გუნდია თავისი შეინ ლარკინით. ის ძალიან ძლიერი კონკურენტი იქნება ნებისმიერი გუნდისთვის. პირველი ადგილისთვის თურქეთიც იბრძოლებს. ბელგია - მეხუთე და მეექვსე კალათებიდან შეგვხვდა ბელგია და ბულგარეთი. ბელგიელებთან არაერთხელ გვითამაშია და ვიცით, რომ ბოლომდე იბრძვის, არასოდეს ნებდება. ამ ნაკრების რამდენიმე კალათბურთელი ევროპის ტოპ-გუნდებში თამაშობს. მათ შეუძლიათ მიზნად ჯგუფიდან გასვლა დაისახონ. ბულგარეთი - ბულგარეთის ნაკრები თითქოს ყველაზე სუსტია, თუმცა ბოლო შესარჩევ ეტაპზე მაღალ დონეზე ითამაშა. მან ფინალური ეტაპის მიღმა დატოვა ლატვიის ძლიერი ნაკრები. არა მგონია, ბულგარელები თბილისში სტატისტის როლით დაკმაყოფილდნენ. ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივრისთვის ყველა მატჩი საინტერესო იქნება და წინასწარ რთულია იმის თქმა, რომელი ოთხი გუნდი განაგრძობს თამაშს მერვედფინალში.“ 

ასევე კომენტარები ვიქტორ სანიკიძემ და ვლადიმერ ბოისამ გააკეთს.

„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. მართლაც, ქართულმა კალათბურთმა ბოლო ათწლეულში სოლიდური პროგრესი განიცადა და ეს ერთობლივი მუშოაბის შედეგია. ჩვენ გვყავდა და გვყავს დიდი კალათბურთელები, რომლებმაც მაქსიმუმი გააკეთეს საქართველოში კალათბურთის მაღალ საფეხურზე აყვანაში. რომ არ ყოფილიყო კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს მთავრობისა და ფიბა-ს ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობა და კალათბურთელების მხარდაჭერა, ასეთი კარგი შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.

სწორედ ერთობლივი მუშაობითა და კალათბურთის სიყვარულით მოვედით დღემდე და ვმასპინძლობთ ევრობასკეტს. ევრობასკეტის დღეებში საქართველოში ნამდვილი საკალათბურთო ზეიმი იქნება.- განაცხდადა სანიკიძემ

„აღასანიშნავია, რომ ასეთი მაღალი რანგის სპორტული ღონისძიება, როგორიც ევრობასკეტია, საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა. არა იმიტომ, რომ ჩემი სამშობლოა, საქართველო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სტუმართმოყვარე ქვეყანაა ევროპასა და მთელს მსოფლიოში. ჩვენი ჯგუფის გუნდებს თბილისში დახვდებათ ახალი, სპეციალურად ევრობასკეტისთვის აშენებული არენა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა მატჩზე ბოლომდე შეივსება და ევრობასკეტის მატჩებს გაალამაზებს. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ასეთი რანგის სპორტული ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა, ამიტომაც ქომაგები მოუთმენლად ელიან ევრობასკეტის დაწყებას და ჯგუფური ეტაპის თამაშების პერიოდში, ჩვენს დედაქალაქში ნამდვილი საკალათბურთო ზეიმი იქნება. ჩვენს ეროვნულ გუნდს არასდროს აკლდა ქომაგობა და ევრობასკეტის მატჩებში ეს მუხტი გაათმაგდება, რაც უდიდესი სტიმული იქნება საქართველოს ნაკრებისთვის, არსებობის მანძილზე ყველაზე მაღალ შედეგს მიაღწიოს.“ - განაცხადა ბოისამ

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 1-ელ სექტემბერს დაიწყება და 18 სექტემბერს დასრულდება. ჯგუფური ეტაპები თბილისში, კიოლნში, მილანში და პრაღაში გაიმართება და 6-დან 4 საუკეთესო გუნდი ასპარეზობას პლეიოფში განაგრძობს, რომელსაც ბერლინი უმასპინძლებს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები