„მადლობა საქართველო, დიდება გმირებს" - ანტონ პლესნოის მიმართვა
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა, ანტონ პლესნოიმ, რომელიც რუსეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და 3 ოქროს მედალი აიღო, ქართველ გულშემატკივარს მიმართა.
„გამარჯობა საქართველო. უდიდესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ჩემი გამარჯვება 9 აპრილის ხსოვნას მივუძღვნა. დიდება გმირებს! მადლობა საქართველო“!
შეგახსენებთ, რომ პლესნოიმ გიორგი ასანიძის ყველა მითითება ბრწყინვალედ შეასრულა, ატაცში სამივე ცდა 171/175/180 წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა. ჩვენებურმა მეორეადგილოსან ძალოსანს, ბელარუს პეტრ ასაიონაკს 8 კილოგრამით გაუსწრო, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ რუსს, არტურ ბაბაიანს - 13-ით.
პლესნოი აკვრაშიც საუკეთესო იყო. მან 3 მისვლიდან 2 გამოიყენა და 207 და 213 კილოგრამი ასწია, 221-ს კი ვერ მოერია, თუმცა 213 კილოგრამი აკვრაში ოქროს მედლისთვის მაინც საკმარისი აღმოჩნდა. პლესნოის მიერ ორჭიდში დაგროვებულმა 393 კილოგრამმა კი იგი მესამე ოქრომდე, ევროპის ჩემპიონობამდე და მოსკოვში აჟღერებულ საქართველოს ჰიმნამდე მიიყვანა.