Aa
Aa

პორტუ VS იუვენტუსი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირებები კარს მოგვადგა. ოთხშაბათს "პორტუ" "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

გულშემატკივრებს მსგავსი დიდი მატჩების წინ, გუნდების მდგომარეობა, საინტერესო ფაქტები, დეტალები და გაკეთებული კომენტარები აინტერესებთ.

ჩვენც გთავაზობთ ყველა საინტერესო დეტალს, რომელთა ცოდნაც მატჩამდე თქვენთვის საინტერესო იქნება.

"იუვენტუსი" 

ანდრეა პირლოს გუნდი ხსენებულ მატჩს არცთუ ისე კარგ ხასიათზე ხვდება. "ბებერმა ქალბატონმა" სერია ა-ს უკანასკნელ ტურში "ნაპოლისთან" მარცხი განიცადა და სატურნირო მდგომარეობა გაიუარესა.

"ბიანკონერი" ამჟამად 21 ტურის შემდეგ 43 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, თუმცა სხვა გუნდებთან შედარებით 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. 

"ბებერმა ქალბატონმა" კოპა იტალიის ფინალში გააღწია. ნახევარფინალში კი ანტონიო კონტეს "ინტერის" ბარიერი სტუმრად მოგებული მატჩის(2:1) წყალობით დაძლია. განმეორებითი შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

დანაკლისი

ტურინელებს პორტუგალიურ გუნდთან აარონ რემზი, პაოლო დიბალა და არტური არ ეყოლებათ. 

კიელინის კომენტარი მოახლოებულ მატჩზე

 ""პორტუ" თავს ძალიან კარგად იცავს. ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ისინი გავტეხოთ და კონტრ-შეტევები თავიდან ავიცილოთ. პორტუგალიელების ეს მხარე საკმაოდ სახიფათოა.

ჩემს გუნდს გამარჯვებების კარგი სერია ჰქონდა, თუმცა ეს "ნაპოლისთან" შეწყდა. ეს არ გვაღელვებს და ხელს არ გვიშლის. ჩვენ კვლავ ვიბრძვით ყველა ფრონტზე და ახლა უდიდესი გამოცდის წინაშე ვდგებით. ენთუზიაზმი გვაქვს და დაბრკოლებებსაც გავითვალისწინებთ."

პირლო მატჩის წინ

„“პორტუ“ ჩვენგან განსხვავებული გუნდია. პორტუგალიის ლიგაში ისინი უფრო შემტევები არიან, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე. ევროპულ კონტენტზე ისინი უფრო ფრთხილად თამაშობენ.

ჩვენ ვეცდებით სხვა გზით ვითამაშოთ, თუმცა რიგ ეპიზოდებში თავს აუცილებლად დავიცავთ. ჩემპიონთა ლიგა უნიკალური მოვლენაა. გამარჯვებისთვის ძალიან ბევრი გუნდი იბრძვის. რა თქმა უნდა, გამარჯვება ყველას უნდა.

ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ფორმაში ხვდები კონკრეტულ დაპირისპირებას. მნიშვნელოვანია, რომ მენტალურად მზად ვიყოთ.“

"პორტუ"

სერჟიო კონსეისაოს გუნდს მიმდინარე სეზონში პრობლემები აქვს და შიდა ჩემპიონატში დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. პორტუგალიელებმა უკანასკნელ 3 ტურში ვერცერთი მატჩი ვერ მოიგეს. სამივე ფრედ დასრულდა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მყოფ "სპორტინგს" 10 ქულით ჩამორჩნენ.

დანაკლისი

მასპინძლების მთავარი დანაკლისი ივან მარკანოა, რომელიც გუნდის კაპიტანი და შეუცვლელი მცველია. ესპანელმა უკანახაზელმა 2020 წლის 21 მარტს ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და დღემდე 44 მატჩი გამოტოვა.

კონსეისაოს არც მუჰამედ მბაიე და ნანუ არ ეყოლება. "პორტუს" მთავარი იმედი სერჟიო ოლივეირაა, რომელიც მიმდინარე სეზონში 9 გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.  "პორტუმ" უკანასკნელი ვარჯიში ჩაატარა და "იუვენტუსთან" სათამაშოდ სრულ მზადყოფნაშია.

რა თქვა კონსეისაომ მატჩის წინ

"კრიშტიანუ რონალდუს მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. ის ზღაპრული მოთამაშეა და ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოში საუკეთესიც არის. ჩვენ სოლიდურად და კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ. უნდა გავაანალიზოთ, რომ რონალდუს, კულუსევსკის, მორატას ან სხვა მათ ფეხბურთელს სივრცეები შევუზღუდოთ.

როდესაც "იუვენტუსმა" "ნაპოლისთან" წააგო მომივიდა ხმები, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა გაგვიადვილდებოდა. ეს ასე არ არის. "ბებერი ქალბატონი" ძლიერი გუნდია და მათ უკანასკნელ 8 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს. ტურინელებს ამოუცნობი მენტალიტეტი აქვთ. წააგეს "ნაპოლისთან", თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონა" 3:0 დაამარცხეს."

ცნობისთვის, ეს გუნდები ისტორიაში ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ. 3 გამარჯვება "იუვენტუსზე" მოდის, ხოლო ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ხსენებული დაპირისპირება 17 თებერვალს 00:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები