Aa
Aa

გააკეთეს ის, რაც სტეფმა და კლეიმ ვერ შეძლეს - ლავინმა და უაითმა NBA-ის რეკორდი დაამყარეს

„ჩიკაგო ბულსის“ ლიდერებმა, ზაკ ლავინმა და კობი უაითმა NBA-ის რეკორდი დაამყარეს. ლავინი და უაითი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში პირველი თანაგუნდელები გახდნენ, რომლებმაც ერთ შეხვედრაში მინიმუმ 8-8 სამქულიანი ჩააგდეს.

„ნიუ ორლეან პელიკანსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც „ბულსმა“ 129-116 მოიგო, ლავინმა 46 ქულა დააგროვა და პერიმეტრიდან ნასროლი 14 ბურთიდან კალათში 9 მოათავსა. უაითს რაც შეეხება, კობის ანგარიშზე 30 ქულა იყო და მან 8 სამქულიანი მიითვალა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლავინმა პირველ თორმეტწუთეულში 20 ქულა გააკეთა და „ბულსის“ მაისურით ერთ მეოთხედში მინიმუმ 20 ქულა მეექვსედ გაიფორმა. გარდა ამისა, ზაკი მაიკლ ჯორდანის შემდეგ „ჩიკაგოს“ პირველი კალათბურთელია, რომელმაც 3 შეხვედრაში მინიმუმ 120 ქულა ჩააგდო. „ემ ჯეიმ“ მსგავს შედეგს 1997 წლის დეკემბერში მიაღწია.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში „ხარების“ მთავარი მიზანი პლეიოფში მოხვედრაა. „ჩიკაგოს“ 24 თამაშში 10 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 გახლავთ. „ბულსს“ მომდევნო შეხვედრა ლოს-ანჯელეს „კლიპერსის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები