Aa
Aa

"დიახ, ამის ალბათობა დიდია", - იანვარში ბარსა შესაძლოა ჩავიმ ჩაიბაროს

„ბარსელონამ“ სეზონის წარმატებული სტარტის შემდეგ, ნელ-ნელა ქულების დაკარგვა დაიწყო. რონალდ კუმანის გუნდმა ისეთი მატჩები წააგო, რაც მათი მხრიდან ბოლო წლებში უდიდეს სენსაციად ითვლებოდა, თუმცა დღეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია.

„ბარსას“ ცუდი თამაში რა თქმა უნდა ბოლომდე კუმანის ბრალი არ არის. პირიქით, ნიდერლანდელი სპეციალისტი სეზონის დასაწყისში რამდენიმე ტრანსფერს ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო, თუმცა ბოლო დროს გუნდის თამაშის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს და ამაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე მწვრთნელია.

როგორც მოგეხსენებათ, 24 იანვარს კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებია. ფავორიტებად 2 კანდიდატი ჟოან ლაპორტა და ვიქტორ ფონტი ითვლებიან. ფონტი წინასაარჩევნოდ ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩევა და ასე ცდილობს, რომ ლაპორტას უპირატესობა რამენაირად გააბათილოს.

ვიქტორ ფონტი სეზონის სტარტზე პირდაპირ ამბობდა, თუ მას აირჩევდნენ გუნდის მწვრთნელი ჩავი გახდებოდა და კუმანს ის დაითხოვდა. შემდეგ, როცა „ბარსამ“ თამაში გამოასწორა, ფონტიმ სიტყვები უკან წაიღო და თქვა, რომ მისი კომენტარი ზედმეტად ხისტი იყო.

„იუვენტუსთან“ უსუსურად განადგურების შემდეგ, ვიქტორ ფონტი კუმანის გაშვებაზე და ჩავის დანიშვნაზე კვლავ ალაპარაკდა და ასეთი რამ თქვა:

„ჩავის „ალ-საადთან“ გაფორმებულ კონტრაქტში აქვს ერთი პუნქტი, რომელშიც წერია, რომ კლუბის დატოვება ნებისმიერ მომენტში შეუძლია, თუ მას „ბარსელონა“ წინადადებით მიმართავს. აქედან გამომდინარე დიახ, იანვარში არის იმის დიდი ალბათობა, რომ ჩავიმ „ბარსა“ ჩაიბაროს“.

რთული სათქმელია რა მოხდება იანვარში, მაგრამ „ბლაუგრანას“ გასახდელში უკვე განხეთქილებაა. ფეხბურთელები კუმანის სათამაშო სქემას იწუნებენ და თავიანთი ვარიანტი აქვთ. ისინი თვლიან, რომ 4-3-3-ით უნდა ითამაშონ, 1 საყრდენითა და 2 ცენტრალური ნახევარმცველით, რომელიც კლუბის ფილოსფიისთვის კარგად არის ნაცნობი.

Sport-ი წერს, რომ მსგავსი პრობლემა ერნესტო ვალვერდესაც ჰქონდა, რომელსაც ფეხბურთელები აუმხედრდნენ და მის სათამაშო სქემას არავინ იწონებდა, რაც საბოლოოდ ბასკი სპეციალისტის დათხოვნით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები