განხეთქილება გასახდელში - მოთამაშეები კუმანის ტაქტიკას იწუნებენ
Aa
Aa

განხეთქილება გასახდელში - მოთამაშეები კუმანის ტაქტიკას იწუნებენ

ბოლო დროს ესპანურ პრესაში ჩნდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „ბარსელონას“ გასახდელში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. დღეს კი როგორც Sport-ს წერს, ფეხბურთელები რონალდ კუმანის ტაქტიკურ მონახაზთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ კუმანის სათამაშო ფილოსოფიისა და სქემის გარკვეული ასპექტები საკამათოა.

კუმანმა წელს „ბლაუგრანაში“ 4-2-3-1 სქემა დანერგა, თუმცა ნიდერლანდელ სპეციალისტს ის ფეხბურთელები არ უყიდეს, რომლებიც მან მოითხოვა (დეპაი და ვაინალდუმი).

ფეხბურთელები თვლიან, რომ 4-3-3-ით უნდა ითამაშონ, 1 საყრდენითა და 2 ცენტრალური ნახევარმცველით, რომელიც კლუბის ფილოსფიისთვის კარგად არის ნაცნობი.

Sport-ი წერს, რომ მსგავსი პრობლემა ერნესტო ვალვერდესაც ჰქონდა, რომელსაც ფეხბურთელები აუმხედრდნენ და მის სათამაშო სქემას არავინ იწონებდა, რაც საბოლოოდ ბასკი სპეციალისტის დათხოვნით დასრულდა.

ქომაგების დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს რიკი პუჩის უნდობლობასთან დაკავშირებითაც. 21 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ოფიციალურ მატჩებში ჯამში მხოლოდ 85 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში მან 5 ზუსტი საკვანძო გადაცემა შეასრულა (ეგრეთწოდებული Key Pass).

ყველაზე მეტად აღსანიშნავი კი ის გახლავთ, რომ პუჩი ამ ასპექტში პროცენტული მაჩვენებლით „ბარსელონას“ ყველა ნახევარმცველს ჯობია, რაც ნამდვილად დამაფიქრებელი ფაქტი გახლავთ და გუნდის ნახევარდაცვის ინერტულობაზე მიუთითებს.

ახლა საინტერესოა დათმობს თუ არა კუმანი პოზიციებს. ყველაფერი უახლოეს მატჩებში გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები