Aa
Aa

„მეტოქედ არასდროს მივიჩნევდი, მის წინააღმდეგ თამაში უდიდესი პრივილეგიაა" - რონალდუ მესიზე

ტურინის „იუვენტუსის“ სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ „ბარსელონასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ „ბლაუგრანასა“ და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

„კამპ ნოუზე, ბარსელონას წინააღმდეგ თამაში იოლი არასდროსაა, რადგან მათ ყოველთვის ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, თუმცა აქ სათანადო განწყობით ჩამოვედით და ეს მნიშვნელოვანი იყო. საწყისი 30 წუთი შესანიშნავად ჩავატარეთ და 2 გოლი გავიტანეთ. მეორე ნახევარშიც კარგად ვიასპარეზეთ, ბარსელონას კარი კიდევ ერთხელ ავიღეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ.

მესისთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა. 12, 13, 14 წელია სხვადასხვა ცერემონიაზე ჯილდოებს ვიყოფთ და მას მეტოქედ არასდროს მივიჩნევდი. ეს ყველაფერი მედიასაშუალებებმა წამოიწყეს. ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის კარგად ვეწყობოდით და დარწმუნებული ვარ ლეოს რომ ჰკითხოთ, ისიც იმავეს გეტყვით.

რა თქმა უნდა, ხალხი ჩვენ შორის არსებულ მეტოქეობაზე საუბრობს, მაგრამ ჩემთვის მესის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის უდიდესი პრივილეგიაა და მასთან შეხვედრისას გოლების გატანა ძალიან მახარებს. თავს კარგად ვგრძნობ. გოლები მნიშვნელოვანია, მაგრამ მუშაობა უნდა განვაგრძო, რადგან უმაღლესი სტანდარტის შენარჩუნება ურთულესია“.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „ბარსელონასთან“ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და 2 თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. გამარჯვების წყალობით „ბიანკონერიმ“ ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, „ბლაუგრანა“ კი მეორე პოზიციას დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები