ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე, რობინ ბორმუთი
Aa
Aa

ბუდუს ზღაპრულ გოლზე დივანზე ვიჯექი და ტაში დავუკარი - ზივზივაძის თანაგუნდელი

პოდკასტი Die Wildpark-Bruddler-ში „კარლსრუეს’’ ბოლო მატჩზე, როსტოკის „ჰანზასთან’’ გამარჯვებაზე ისაუბრეს. პოდკასტში სტუმრად ბუდუ ზივზივაძის თანაგუნდელი რობინ ბორმუთი იყო, რომელიც ტრავმირებულია და გუნდს ვერ ეხმარება.

პოდკასტის ერთ-ერთი წამყვანი ნიკლასი: „ბუდუს გოლის კომბინაციისას იგორ მატანოვიჩმა მოედნის ხედვის უნარი გამოავლინა, ბუდუ დამაგვირგვინებელ ფაზაში ოსტატურია. იგორ მატანოვიჩმა ეს კომბინაცია ვარჯიშზე დაამუშავა თუ როგორ მოხდა ეს...''

რობინ ბორმუთი: „არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, რამდენიმე კვირაა გუნდთან ერთად არ მივარჯიშია. ალბათ, ამას აკეთებდა გუარდიოლას „ბარსას’’ შემდეგ (იცინის).

48 პასი შეასრულეს, მაგრამ შეტევა ორი პასით დავასრულეთ. შემდეგ იაზრებ, რომ ეს სიმართლეა, ბიჭები მინდორზე ერთმანეთს იცნობენ, ერთმანეთს უგებენ. ჩვენ ორი ფორვარდით ვთამაშობთ, იგორ მატანოვიჩი მცველებს შორის იმყოფებოდა, ბუდუს იდეალური პასი მისცა, ბუდუმ ერთი შეხებით ბურთი ისე კარგად მიიღო, რომ მეორე შეხებით დაარტყა და გაიტანა. ბრწყინვალე, ზღაპრული გოლი, დივანზე ვიჯექი და ტაში დავუკარი, დასამატებელი არაფერია, დიდებული იყო’’.

მიუხედავად იმისა, რომ „კარლსრუეს'' მთავარი მწვრთნელი კრისტიან აიხნერი ბუდუ ზივზივაძეს არ ენდობოდა, გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული ქართველი თავდამსხმელი საოცარ ფორმაშია და გერმანელი სპეციალისტი მის შესაძლებლობებში დარწმუნდა. 30 წლის თავდამსხმელმა მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში (12 სასტარტოში) 11 გოლი გაიტანა (5 ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ შეაგდო). ასევე, მის აქტივში 2 საგოლე პასია.

ქართული რეკორდი ბუნდესლიგა 2-ში

ბუდუმ მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 11 გოლი გაიტანა, ქართველ ფეხბურთელებს შორის მეორე ბუნდესლიგის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით იაშვილი-კობიაშვილის რეკორდი მოხსნა. 2002-03 წლების სეზონში ლევან კობიაშვილმა „ფრაიბურგის’’ რიგებში მეორე ბუნდესლიგის 28 მატჩში 10 გოლი შეაგდო. ანალოგიური შედეგი დააფიქსირა ალექსანდრე იაშვილმა 2006-07 წლების სეზონში, როცა 32 მატჩში მის აქტივში 10 გოლი იყო.

აღნიშნული გოლების გარდა მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამორჩეული მატჩები ჩაატარა, ნორვეგიასთან ულამაზესი გოლი შეაგდო და ლუქსემბურგთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები