Aa
Aa

"სათქმელიც არაფერი გვექნება", - ბარსას ისტორიაში მეორე ყველაზე ცუდი შედეგი

„ბარსელონამ“ ლა ლიგაში მორიგი ისეთი ქულები დაკარგა, რომელმაც რონალდ კუმანის გუნდი საჩემპიონო ბრძოლას თითქმის ჩამოაშორა. კატალონიელებმა „კადისთან“ სტუმრად 1:2 დათმეს და 10 მატჩის შემდეგ 14 ქულა აქვთ.

„ბლაუგრანას“ გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 3 ქულა აშორებს. როგორც მატჩის შემდეგ აღმოჩნდა, ეს „ბლუაგრანას“ ისტორიაში მეორე ყველაზე უარესი შედეგია. 10 ტურის შემდეგ 14 ქულა - ამაზე ცუდი შედეგი „ბარსას“ მხოლოდ 1987-88 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც გუნდმა ათ ტურში მხოლოდ 13 ქულა აიღო. ეს გახლდათ კლუბში იოჰან კრუიფის მისვლის წინა წელი.

რონალდ კუმანმა შეხვედრის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და აქცენტი სტუმრად დაკარგულ ქულებზე გააკეთა. მისი თქმით გუნდი გოლის გაშვების შემდეგ შესაბამისად ვერ რეაგირებს.

„ლა ლიგისთვის ბრძოლაში ამ მარცხის შემდეგ უკან გიგანტური ნაბიჯი გადავდგით. „ატლეტიკოს“ უკვე ბევრი ქულით ჩამოვრჩებით. გასვლაზე ჩატარებულ მატჩებთან დამოკიდებულებას თუ არ შევცვლით, მაშინ სათქმელიც არაფერი გვექნება.

როცა მეტოქე პირველ გოლს გვიტანს, ყველაფერი რთულდება. უნდა დავაკვირდეთ, თუ რატომ დავმარცხდით და სუსტი ასპექტების გამოსწორება შევძლოთ“.

თუ გავითვალისწინებთ გამოტოვებულ მატჩებს, რომლებიც „ბარსელონას“ (1) და „ატლეტიკოს“ (2) აქვთ ჩასატარებელი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით (თუ ორივე გუნდი ორივე მატჩს მოიგებს) პოტენციურად მადრიდელებს 32 ქულა უნდა ჰქონდეთ, კატალონიელებს კი 20 - სხვაობა შესაძლოა 12 ქულა იყოს, რაც ბოლო წლებიდან გამომდინარე ნამდვილი სენსაცია გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები