Aa
Aa

"ჩემი ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ" - მაისაშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი

დუბლინში საქართველოს მორაგებთა ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასის დასკვნითი მატჩი ირლანდიასთან ჩაატარა და სამწუხაროდ 23:10 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კომენტარი გააკეთა.

"კარგი ლელო გავიტანეთ, მაგრამ ქულების აღების რამდენიმე შანსი ხელიდან გავუშვით. მთლიანობაში, გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და მე ამ ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ. ექვსი ერის გუნდთან კარგი შედეგი ვაჩვენეთ თუმცა წაგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები. მესმის, რომ ექვსი ერი კომერციული ტურნირია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ წინსვლისთვის მეტი ასეთი დონის თამაშები გვჭირდება.

დაცვაში ბიჭებმა მაგრად იმუშავეს. გამოსწორდა დაცვის მოლი და თამაშის მართვის კუთხით უკეთესობა გვქონდა, თუმცა არც ესაა საკმარისი ამ დონეზე მატჩის მოსაგებად. პირველ ტაიმში ორი ლელო მივიღეთ, არადა ორივე შემთხვევაში, რამდენიმე წამით ადრე მეტოქის ნახევარზე ვიყავით, მაგრამ მეტოქეს შანსი მარტივად გადავაბარეთ და რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით.

გუნდში მრავლად გვყავს ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც შესათამაშებლად დრო ჭირდებათ. ვეთამაშეთ ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რომელსაც ჩვენთან დიდი სხვაობით მოგება ჰქონდა დაგეგმილი. ახლა ჩვენ თვისობრივად სხვა გუნდი ვართ და ეს სამომავლოდ დიდ იმედებს მაძლევს.

ტურნირზე სულ ოთხი თამაში გვაქვს და მაქსიმალურად ვეცადე სათამაშო დროის გადანაწილება. ვინც გაფართოებულ შემადგენლობაში გვყავს, მათი ყოველთვის მეიმედება და ვენდობი. ყველამ ძალიან კარგად ითამაშა, თამაშში ჩართვის პრობლემა არც დებიუტანტებს ჰქონიათ, მაგრამ მთლიანად გუნდს ჭირდება გამოცდილება, რათა ასეთი შეცდომები აღარ დაუშვას" - განაცხადა მაისაშვილმა

"ბორჯღალოსნებს" "შემოდგომის ერთა თასზე" ერთი თამაში დარჩათ ჩასატარებელი. ახლა ისინი ინგლისში დაბრუნდებიან, ხვალ დაისვენებენ, ზეგ მსუბუქი, ხოლო მაზეგ სრულფასოვანი ვარჯიში ექნებათ და ედინბურგში გაემგზავრებიან, სადაც 5 დეკემბერს ფიჯის უნდა ეთამაშონ.

წყარო - rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები