Aa Aa
27 ნოემბერი 2020  |  09:08

"ენით აღუწერელი ემოციაა" - ნიკა ამაშუკელი ელიტაში დებიუტზე

რაგბის ახალგაზრდა ქართველმა მსაჯმა, ნიკა ამაშუკელმა „შემოდგომის ერთა თასის“ მატჩი - საფრანგეთსა და შოტლანდიას შორის განსაჯა. 26 წლის ამაშუკელისთვის ეს ამ დონეზე პირველი თამაში გახლდათ და შთაბეჭდილებებზე საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ საიტს ესაუბრა.

„ენით აღუწერელი ემოციაა, როცა ასეთი ვარსკვლავების გარემოცვაში, ასეთ რეფერისთან ერთად შესანიშნავ სტადიონზე მსაჯობ. 2007 წელს, რაგბის პირველ მატჩს ვუყურე - ჩვენი ნაკრები ირლანდიას ხვდებოდა.

ის თამაში სწორედ ჩემმა დღევანდელმა კოლეგამ, უეინ ბარნსმა განსაჯა და როცა ვკითხე, ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვდა. საერთოდ, მან ჩემ მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება გამოხატა და ესეც დამეხმარა წნეხი იმდენად არ მეგრძნო.

რაც შეეხებათ მორაგბეებს, თითოეულს ეტყობა, რომ პროფესიონალია და მათგან მსაჯების მიმართ დიდი პატივისცემა იგრძნობოდა, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.

ეს მატჩი ჩემთვის უდიდესი გამოცდილების მომცემი იყო და ამ ყველაფერს ქართველ მსაჯებს აუცილებლად გავუზიარებ“.

როგორც უკვე ითქვა, მატჩის მთავარი არბიტრი უეინ ბარნსი იყო, ამაშუკელი კი მას კიდიდან ეხმარებოდა. ნიკა პირველი ქართველია, რომელიც ტიერ 1-ის გუნდების შეხვედრას მოემსახურა.

„შემოდგომის ერთა თასის“ მეორე რაუნდში, B ჯგუფის ფაქტობრივ ფინალში, საფრანგეთმა შოტლანდიას 22:15 მოუგო. ამაშუკელს 28 ნოემბერს ამავე ტურნირის კიდევ ერთი შეხვედრა - შოტლანდია-ფიჯი უნდა ემსაჯა, მაგრამ კორონავირუსის გამო თამაში გადაიდო.

ნიკა ამაშუკელი უკვე ორი წელია საკლუბო ტურნირ „ჩელენჯ ქაფის“ მატჩებს უძღვება და უახლოეს პერიოდში ორ შეხვედრაზეა დანიშნული.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში