Aa Aa
20 ნოემბერი 2020  |  09:43

მაინც ნადალი - შემაჯამებელის 3 ნახევარფინალისტი ცნობილია

ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე რაფაელ ნადალსა და სტეფანოს ციციპასს შორის B ჯგუფიდან ნახევარფინალში გამსვლელი მეორე ჩოგბურთელი გამოვლინდა.

რაფამ და ბერძენმა საწყისი ორი მატჩიდან თითო-თითო გამარჯვება მოიპოვეს, შესაბამისად, ბოლო ტურში მათი შეხვედრა გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში საინტერესოდ წარიმართა და 3-სეტიანიც გამოდგა. ნადალმა პირველი და მესამე პარტიები მოიგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა - 6:4; 4:6; 6:2. „მატადორმა“ მატჩი 2 საათსა და 5 წუთში დაასრულა და ციციპასთან ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 7:1 გახადა.

დღის მეორე სატურნირო თვალსაზრისით უმოტივაციო მატჩი დომინიკ ტიმსა და ანდრეი რუბლიოვს შორის ჩატარდა. ავსტრიელი უკვე 1/2 ფინალში იყო, რუსს კი ამის ყოველგვარი შანსი დაკარგული ჰქონდა.

რუბლიოვმა შეხვედრა მაღალ დონეზე წარმართა და მსოფლიოს მე-3 ჩოგანს დამაჯერებლად აჯობა - 6:2; 7:5.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა რუსმა მიმდინარე სეზონში 41-ე გამარჯვება იზეიმა, რაც წელს სარეკორდო მაჩვენებელია და, შესაძლოა, ასეთადაც დარჩეს. ნოვაკ ჯოკოვიჩს 40 მოგება აქვს და თუ დღეს ალექსანდრ ზვერევთან წააგებს, რუბლიოვის შედეგს აღაფაერი დაემუქრება.

ასე რომ, B ჯგუფიდან ნახევარფინალში ტიმი და ნადალი ითამაშებენ. მათ გარდა, ამავე ეტაპზეა დანილ მედვედევიც, ბოლო ნახევარფინალისტი კი დღევანდელ სათამაშო დღეს გამოვლინდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში