ჰამილტონმა ბრაზილიაში გაიმარჯვა, როსბერგი ტიტულს მიუახლოვდა
Aa
Aa

ჰამილტონმა ბრაზილიაში გაიმარჯვა, როსბერგი ტიტულს მიუახლოვდა

ბრაზილიის დიდი პრიზის რბოლა, რომელიც წვიმის და ავარიების გამო, რამდენჯერმე შეწყდა, ან შეჩერდა, ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა. ამ მოგებით, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ჩემპიონატის ლიდერ თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო, აბუ დაბის ეტაპის მოგების შემთხვევაშიც კი, ის მეოთხე ტიტულს ვერ მოიპოვებს, თუკი როსბერგი მესამე ადგილს მაინც დაიკავებს.

ჰამილტონმა კარიერაში 52-ე რბოლა მოიგო. ეს ბოლო სამ ეტაპზე მოპოვებული ზედიზედ მესამე გამარჯვებაა. ამასთან, პირველად დაეუფლა ბრაზილიის დიდ პრიზს. წვიმის გამო ორჯერ შეწყვეტილი რბოლის მიუხედავად, მას ლიდერის პოზიცია ერთხელაც არ დაუთმია. მთელი რბოლა საკმაოდ ძლიერი წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა. მაგრამ ბრიტანელ პილოტს ერთხელაც არ დაუშვია შეცდომა. რბოლის შემდგომ კი, კვარცხლბეკის ინტერვიუსას განაცხადა, რომ ეს მის მიერ მოპოვებულ გამარჯვებათაგან ერთ-ერთი ყველაზე იოლი იყო. მას შეცდმა არც მაშინ დაუშვია, როცა რბოლის დასაწყისში, ჩაფხუტში წყლის შხეფებმა შეაღწია და ისედაც წვიმის გამო შეზღუდული ხედვა კიდევ უფრო გაუუარესა.

მოკლედ, ბოლო ეტაპის წინ, ჰამილტონსაც და როსბერგსაც 9-9 მოგება აქვთ. მაგრამ გერმანელი 12 ქულით ლიდერობს და თუ ფორტუნა ზურგს არ შეაქცევს, მსოფლიო ჩემპიონიც ის გახდება. სხვათა შორის, რბოლის პირველ ნაწილში, როსბერგმ მეორე ადგილი დაკარგა - მას მაქს ფერსტაპენმა გაასწრო. თუმცა შემდეგ ჰოლანდიელი „რედ ბულმა“ ნაჩქარევად იხმო პირველ პიტ სტოპზე და მანაც არამხოლოდ ბრძოლით მოპოვებული მეორე პოზიცია დაკარგა, არამედ პელოტონის შუაში გადაინცვლა.

სწორედ ფერსტაპენი გახდა რბოლის ნამდვილი გმირი. მან ბოლო რესტარტის შემდეგ, კიდევ ერთხელ შეცვალა საბურავები და აქედან მოყოლებული, შუიდან მესამე ადგილამდე გაიკაფა გზა. თან ეს შესანიშნავად შესრულებული მანევრებით შეძლო, რომელთაგან ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი, სებასტიან ფეტელის გასწრება იყო.

ცხელი ამბები