საქართველომ სამოა დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში, 20:16 მოუგო.
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 17:10 მოიგეს.
მასპინძლებმა ჯერ საჯარიმო ლელოთი გახსნეს ანგარიში, შემდეგ კი ბექა ბიწაძემ გაიტანა ლელო. მერაბ კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახა, ერთხელ კი საჯარიმოთი გაიტანა. მაშინ როცა, შესვენებამდე სტუმრების აქტივში თითო ლელო-გარდასახვა და საჯარიმო იყო.
შეხვედრის მეორე ნახევარი სამოელებმა აქტიურად დაიწყეს და ორი ზუსტი საჯარიმოს წყალობით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. ამას მე-60-ე წუთზე კვირიკაშვილის მორიგი ზუსტი ჯარიმა მოჰყვა.
სამოელებმა დარჩენილი დრო პრაქტიკულად იერიშებში გაატარეს, თუმცა დაცვაში თავგანწირული თამაშის ხარჯზე "ბორჯღალოსნებმა" მატჩი გამარჯვებამდე მაინც მიიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი იაპონიასთან გამართა და ანგარიშით 22:28 დამარცხდა. "ბორჯღალოსნები" წლის ბოლო შეხვედრას 26 ნოემბერს, სტუმრად შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს