ვაისი: „ყველაფრისთვის მზად ვართ, ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა
Aa
Aa

ვაისი: „ყველაფრისთვის მზად ვართ, ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა"

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების თავკაცმა, ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკმა სპეციალისტმა ხვალინდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა და განაცხადა:

„ჩრდილოეთ მაკედონიას ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად დავუპირისპირდებით, მაგრამ ეს მატჩი ჯერ ძალიან შორსაა. ერთა ლიგაზე პირველი ადგილის დასაკავებლად ვიბრძვით და სწორედ ამიტომ ხვალინდელი შეხვედრა უმნიშვნელოვანესია.

ჩრდილოეთ მაკედონიის მსგავსად, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ჩვენც გვაკლია, მაგრამ ხანდახან ეს მწვრთნელისთვის კარგიცაა, რადგან ახალ მოთამაშეებს გამოცდის. ყველაფრისთვის მზად ვართ და არ აქვს მნიშვნელობა ჩრდილოეთ მაკედონია 4 მცველით ითამაშებს თუ სამით.

ჩემი აზრით, როგორც ჩრდილოეთ მაკედონია, ისე საქართველო ბურთის კონტროლზე ორიენტირებული გუნდია, ტექნიკურ ფეხბურთს მისდევს და კრეატიულობით გამოირჩევა. შესაბამისად, ხვალ იოლი მატჩი ნამდვილად არ გველის, თუმცა აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ჩვენი მიზანი ევრო 2021-ზე მოხვედრა და ერთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა“, - ციტირებს ვაისის სიტყვებს Sport1.mk.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს დაპირისპირება ხვალ გაიმართება და მატჩი თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები