Aa
Aa

ლილარდის 51 - პორტლენდი მემფისს მოგებებით გაუთანაბრდა

დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა. „მემფისის“ წაგებისა და „პორტლენდის“ გამარჯვების შემდეგ ორივე ამ გუნდს 33-33 მოგება აქვს.

„გრიზლი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსან „ტორონტოს“ ვერ გაუმკლავდა, რომლის რიგებშიც პასკალ სიაკამი გამოირჩა. ტორონტოელთა ლიდერმა 26 ქულა, 1 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.

თამაში მემფისელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი 5-ქულიანი სხვაობით მოიგეს, თუმცა მეორე და მესამე თორმეტწუთეულში „რეპტორსი“ სრულად დომინირებდა და ეს მონაკვეთი ჯამში 22-ქულიანი უპირატესობით მოიგო, რამაც მატჩის ბედიც გადაწყვიტა. საბოლოოდ, კანადელებმა თამაში 108:99 დაასრულეს და რეგულარულში 50-ე გამარჯვება იზეიმეს.

სიაკამის გარდა, ნორმალური თამაში ჰქონდა კაილ ლოურისაც, რომელმაც 15 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი ჩაიწერა აქტივში. მემფისელთა მხრიდან კი 25 ქულა ბრუკსმა ჩააგდო, 20 - ალენმა, ხოლო 17 - მორანტმა.

რაც შეეხება „პორტლენდს“, მან „ფილადელფია“ 3-ქულიანი სხვაობით - 124:121 დაამარცხა და სეზონში 33-ე მატჩი მოიგო. ლილარდმა 51 ქულა, 3 მოხსნა და 7 პასი გააკეთა, კარმელო ენტონიმ 20 ქულა მიითვალა, ხოლო სი ჯეი მაკკოლუმის აქტივში 16 ქულა გახლდათ.

„მემფისი“ დასავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილს ინარჩუნებს და „პორტლენდზე“ 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ფლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლა გადამწყვეტ სტადიაში შედის: მემფისელები შემდეგ თამაშს „ბოსტონთან“ ჩაატარებენ, „პორტლენდი“ კი „დალასს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები