Aa
Aa

უდიდესი კონტრაქტი სპორტის ისტორიაში - მაჰოუმსმა კანზას სითისთან 10 წლით გაახანგრძლივა

„კანზას სითი ჩიფსმა“ სუპერ ბოულის MVP-სთან, პატრიკ მაჰოუმსთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. 24 წლის ქუორთერბექმა სარეკორდო ხელშეკრულება გააფორმა და გუნდს საკუთარი მომავალი კიდევ 10 წლით დაუკავშირა.

ESPN-ის ინფორმაციით, 10 წლის განმავლობაში მაჰოუმსი საერთო ჯამში 450 მილიონ დოლარს მიიღებს, თუმცა ბონუსების გათვალისწინებით, ეს თანხა შესაძლოა 503 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს. ამასთან ერთად, ახალგაზრდა ქუორთერბექს ხელშეკრულების გაფორმების გამო დამატებით 10 მილიონი დოლარი გადაეცემა.

მაჰოუმსის მოქმედი კონტრაქტი ორი სეზონის შემდეგ იწურება. ხელშეკრულების გახანგრძლივების შედეგად კი, 24 წლის ქუორთერბექი „კანზას სითის“ ღირსებას მომდევნო 12 სეზონის განმავლობაში დაიცავს. ESPN-ის ცნობით, კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „ჩიფსს“ მაჰოუმსის თანხმობის გარეშე მისი გაცვლის უფლება არ აქვს.

მაჰოუმსის კონტრაქტი სპორტის ისტორიაში უდიდესია. აქამდე პირველ ადგილს „ლოს ანჯელეს ენჯელსის“ მოთამაშე, მაიკ ტრაუტი იკავებდა, რომელმაც 2019 წელს გუნდთან 12-წლიანი, 426.5 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. აღსანიშნავია, რომ მაჰოუმსისგან განსხვავებით, ტრაუტის კონტრაქტი სრულად გარანტირებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები