''ქინქის'' ეფექტური თამაში და ლამაზი გოლი - დერბიმ ქართველის გოლი გაიხსენა
Aa
Aa

''ქინქის'' ეფექტური თამაში და ლამაზი გოლი - დერბიმ ქართველის გოლი გაიხსენა

ინგლისურმა ''დერბი ქაუნთიმ'' Twitter-ზე გიორგი ქინქლაძის გოლი გაიხსენა. 2000 წლის 23 სექტემბერს ჯიმ სმიტის ''დერბისა'' და დევიდ ოლირის ''ლიდს იუნაიტედის'' დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

''პრაიდ პარკზე'' ''ლიდს იუნაიტედი'' ცნობილი ირლანდიელი ფეხბურთელის, იან ჰარტის გოლით დაწინაურა. პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

73-ე წუთზე ჯიმ სმიტმა თამაშში ქინქლაძე ჩართო, რომელმაც მოედანზე გამოსვლიდან ორ წუთში იან ჰარტი და ოლივიე დაკური სწრაფად და ოსტატურად მოატყუა, დენი მილსს დაასწრო და ნაიჯელ მარტინს მახვილი კუთხიდან  ლამაზი გოლი გაუტანა.

''ქინქი'' ასეთ ეპიზოდებს ''დერბი ქაუნთიშიც'' ქმნიდა, მაგრამ იშვიათად, მეტწილად ცდილობდა შეტევა პასით გაემწვავებინა და ბრძოლა მატჩიდან მატჩამდე საკუთარ თავთან უწევდა, რადგან მისი ფიზიკური კონდიციებით ძველი ფორმის დაბრუნება წარმოუდგენელი ჩანდა.

1999 წლის მიწურულს  ამსტერდამის ''აიაქსიდან'' ''დერბიში'' გადასულმა ქართველმა ფეხბურთელმა კლუბში 2003 წლის ზაფხულამდე ითამაშა, თუმცა ''დერბიში'' ყოფნისას ქინქლაძის თამაშს სტაბილურობა აკლდა.

ჯიმ სმიტის წასვლის შემდეგ ''დერბი ქაუნთი'' დაემსგავსა ფრენსის ლის ''მანჩესტერ სიტის,'' როცა მწვრთნელები ხშირად იცვლებოდნენ, სტაბილური გარემო წარსულში დარჩა და 2002 წლის გაზაფხულზე ''ვერძები'' პრემიერ ლიგას დაემშვიდობნენ.

 ''მან. სიტის'' მსგავსად გიორგი ქინქლაძე რანგით მეორე ლიგაში ''დერბი ქაუნთისაც'' გაჰყვა. უკანასკნელი ინგლისური სეზონი ევროპული ფეხბურთის არშემდგარმა ვარსკვლავმა პირველ დივიზიონში გაატარა, ''დერბიმ'' იმდენად ცუდი მატჩები ჩაატარა, მესამე ლიგაში გავარდნასთან ახლოს იყო, თუმცა გადარჩა და კლუბის ქომაგთა გამოკითხვით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები