''ომში საუკეთესო თანამებრძოლები ვიქნებით'' - დუდა სანაძე ონლაინ კურსებზე სწავლობს
Aa
Aa

''ომში საუკეთესო თანამებრძოლები ვიქნებით'' - დუდა სანაძე ონლაინ კურსებზე სწავლობს

პორტუგალიური ''ოლივეირენშეს'' ქართველი კალათბურთელი დუდა სანაძე კორონავირუსის გამო ერთი თვეა იზოლაციაშია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშის საუკეთესო გასართობი კომპიუტერული თამაშებია. სპორტსმენი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდს საინტერესო თემებზე ესაუბრა.

იზოლაციაში ვარჯიში

''ძალიან რთულია სახლის პირობებში სასურველი ფორმის შენარჩუნება. მართალია, ყოველდღიურად ვვარჯიშობ და მწვრთნელის ყველა დავალებას ვასრულებ, მაგრამ დარბაზისა და სახლის ვარჯიშები ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება. გვაქვს აპლიკაცია, სადაც შესაბამისი მწვრთნელები ყოველდღიურად დებენ ვარჯიშებს, რომლებსაც სახლში ვასრულებთ. მე მარტო ვცხოვრობ და ეს გარკვეულწილად მეხმარება კონცენტრაცია ვარჯიშებზე უფრო მეტად მოვახდინო.''

ვითარება ქალაქში და იზოლაციის მკაცრი დაცვა

''ოლივეირენშეში ეპიდემიოლოგიური კუთხით საგანგაშო ვითარება არაა. კორონავირუსამდეც აქ ნაკლები აქტივობა იყო. პატარა ქალაქია და სამუშაო დღეებშიც კი არ იყო გადატვირთული ქუჩები. უფრო რთული ვითარებაა დიდ ქალაქებში – პორტოში, ლისაბონში, ოვარში…

თუ განსაკუთრებული შემთხვევა არაა, სახლს არ ვტოვებ. მარკეტში კვირაში ერთხელ გავდივარ და იმდენ პროდუქტს ვყიდულობ, რომ 7 დღის განმავლობაში მეყოს. მოგეხსენებათ, მაღაზიებში ვირუსის გავრცელების რისკი დიდია და რომ გავდივარ, ყველანაირად – ხელთათმანებით, პირბადით, ნიღბით ვარ აღჭურვილი. სხვა გზა არაა, უნდა გავიჭირვოთ და დავიცვათ ყველა აუცილებელი რეკომენდაცია, რათა ეპიდემია მალე დასრულდეს.''

მარტო სახლში

ძალიან რთულია, როცა მთელი თვე სახლში და თან მარტო ხარ. ვცდილობ, არ მოვდუნდე და სულ დაკავებული ვიყო. როგორც გითხარით, ვარჯიშს დიდ დროს ვუთმობ. ასევე გამოვიწერე ონლაინ კურსები და ვსწავლობ ჩემთვის საინტერესო საგნებს. მნიშვნელოვან დროს ვუთმობ კომპიუტერულ თამაშებს და ეს გართობაში დიდად მეხმარება. ესაა და ეს, რისი გაკეთებაც ბოლო ერთი თვეა, მიწევს.

დუდა და ბექა ბურჯანაძე – თანამებრძოლები ვირტუალურ ომში

როგორც გითხარით, ვიდეოთამაშები არის ის ერთადერთი გასართობი, რომლითაც დროის იოლად გაყვანაა შესაძლებელი. თითქმის ყოველდღიურად ვთამაშობთ ონლაინ მე და ბექა ბურჯანაძე. ძირითადად, საქვეყნოდ პოპულარულ Call of Duty-ის ვთამაშობთ და იმდენად შევეწყვეთ, იმ დღეს ხუმრობით ვამბობდით, ომი რომ დაიწყოს, ალბათ საუკეთესო თანამებრძოლები ვიქნებითო. თამაშში ხშირად გვიერთდებიან თორნიკე შენგელია და ვიქტორ სანიკიძეც.

ევრობასკეტის შესაძლო გადადება

''სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე ხშირად ვფიქრობ და ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს – კარგია თუ ცუდი ევრობასკეტის გადადება?! მთავარი პლუსი ალბათ ისაა, რომ როგორც მასპინძლები, მეტი დრო გვექნება მოსამზადებლად. 2 წელიწადში თავისუფლად მოესწრება როგორც შესაფერისი დარბაზის აშენება, ისე ნებისმიერი სხვა საორგანიზაციო საკითხის მოგვარება. სხვა მხრივ, დრო გამოაჩენს. ჯერ მთავარი საზრუნავი ამ ეპიდემიის დასრულება და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებაა.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები