დაუფასებელი გაგამარუ - რიკიში სოლიდური კარიერით
Aa
Aa

დაუფასებელი გაგამარუ - რიკიში სოლიდური კარიერით

იაპონურმა გამოცემა Japan Times-მა ქართველ სუმოტორს, თეიმურაზ ჯუღელს სტატია მიუძღვნა, რომელშიც „გაგას“ კარიერაზე ისაუბრა.

დღევანდელი მონაცემებით, იაპონიაში სუმოტორის სტატუსი 4 ქართველ მებრძოლს აქვს მორგებული. ტოჩინოშინი, რომელიც ოძეკი იყო. კოკაი და გაგამარუ, რომლებსაც კომუსუბის წოდება ჰქონდათ და კოკაის უმცროსი ძმა, ცუკასაუმი, რომელმაც სუმო სანდანმეს დივიზიონში ყოფნისას მიატოვა.

გაგამარუ ხშირად ტოჩინოშინისა და კოკაის ჩრდილქვეშ ექცევა, მაგრამ თბილისში დაბადებული მებრძოლიც ღირსეული და საამაყო კარიერით გამოირჩევა.

გაგამარუმ საუკეთესო შედეგს 2012 წლის იანვარში მიაღწია, როცა ბაშო 12 მოგებითა და 3 წაგებით დაასრულა და ლეგენდარულ ჰაკუჰოსთან ერთად, მეორე ადგილი გაიყო. მაშინ იმპერატორის თასი ევროპელმა რიკიშიმ, ბარუტომ დაისაკუთრა. „გაგას“ კი მებრძოლი სულის პრიზი გადასცეს (ბოლო სამი სუპერტურნირის განმავლობაში მეორედ) და კომუსუბის წოდება მიანიჭეს.

2015 წელს გაგამარუმ იოკოძუნა ჰარუმაფუჯი დაამარცხა. ჯუღელი სტაბილურობით გამოირჩეოდა. ჯურიოში დებიუტის შემდეგ, მაკუუჩისა და ჯურიოს დივიზიონებს მიღმა, მხოლოდ ერთი ტურნირი ჩაატარა.

„გაგა“ კარიერის უდიდესი ნაწილის განმავლობაში 200 კგ-ზე მეტს იწონიდა, მაგრამ ქართველი რიკიშის ზუსტი წონის დადგენა რთულია, რადგან ვეტერან სუმოტორს გაბარიტებზე საუბარი დიდად არ ხიბლავს და წლების განმავლობაში ბევრი მიზეზი იპოვა, რათა ოფიციალური აწონვები გამოეტოვებინა.

მართალია მძიმე წონას თავისი უპირატესობები აქვს, მაგრამ გაგამარუს გაცილებით წარმატებული კარიერა ექნებოდა, უფრო მობილური და სხარტი რომ ყოფილიყო. ქართველი დოჰიოზე კარგად ვერ გადაადგილდებოდა, რასაც მისი მოწინააღმდეგეები რეგულარულად იყენებდნენ.

2019 წლიდან გაგამარუს სერიოზული რეგრესი აქვს და გასული ივლისის შემდეგ, 44 ბრძოლიდან მხოლოდ 10-ში იმარჯვა.

მაკუშიტას დივიზიონში დაქვეითებისა და ბაშოდან ზედიზედ ორჯერ ჩახსნის შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სულ მალე „ოზუმოში“ მხოლოდ ერთი ქართველი დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები