Aa
Aa

"მშენებლობაზე მუშაობდა, ურთულესი გზა გაიარა" - როგორ ცხოვრობდა დვალიშვილი UFC-ში მოხვედრამდე

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-5 ბრძოლა გამართა და ამერიკელი ქეისი კენი დამაჯერებლად დაამარცხა. ქართველმა მებრძოლმა UFC-ს ეგიდით ბოლო 3 დაპირისპირება მოიგო და ბოლო ბრძოლის შემდეგ 2 რეკორდიც დაამყარა.

მერაბმა კენისთან 12 გდება შეასრულა, რაც სუპერმსუბუქ დივიზიონში ახალი რეკორდია. რაც შეეხება კიდევ ერთ გამორჩეულ მაჩვენებელს, ქართველმა 10+ გდება ორ ან მეტ შეხვედრაში გააკეთა და ამ შედეგით ისეთ მებრძოლებს გაუთანაბრდა, როგორებიც ჟორჟ სენ-პიერი, დემეტრიუს ჯონსონი და კოლბი კოვინგტონი არიან.

 

თუმცა, იქამდე სანამ დვალიშვილი ამ დონემდე მივიდოდა, რთული გზა გაიარა, რის შესახებაც მისი ძმა, მიხეილ დვალიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მინდა, მივულოცო ჩემს ძმას ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. ვიცი რომ ის კიდევ ბევრჯერ, უფრო დიდი მაშტაბებით ასახელებს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰყავდა სპონსორი, მან შეძლო ემიგრაციაში 7 წელი მშენებლობაზე დამქანცველი მუშაობის პარალელურად, სპორტისთვის თავი არ დაენებებინა და დამოუკიდებლად მიდიოდა და მიდის იმ წარმატებისკენ, რასაც ყველა ვხედავთ.

მიუხედავად ბევრი სირთულის და იმედგაცრუებისა, არ დაკარგა პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული. ამიტომ, ასე ამაყად აფრიალებს ქართულ დროშას და გამოდის არენაზე ქართული მუსიკის თანხლებით... მთავარი წარმატებები მერაბს წინ ელოდება, რადგან ურთულესი გზა უკვე გაიარა და ეხლა ნაყოფის მომკის დრო ახლოვდება... მჯერა ის შეძლებს UFC ჩემპიონის ქამრის მოგებას და საქართველოში ჩამოტანას...!” - ვკითხულობთ მიხეილ დვალიშვილის პოსტში, რომელსაც 18 ფოტო ახლავს.

მერაბმა ქეისი კენთან მიღწეული გამარჯვების შემდეგ Top 15-ში ადგილის დამკვიდრების შანსი მიიღო და ამიერიდან უფრო მაღალი დონის მეტოქეებთან ბრძოლის საშუალებაც მიეცემა.

ასე რომ, შესაძლოა, დვალიშვილმა შემდეგი ბრძოლები უკვე ყოფილ ჩემპიონებთან, რეიტინგის მოწინავე ათლეტებთან და UFC-ის წარმატებულ მებრძოლებთან ჩაატაროს.

ცხელი ამბები