ზედრამატული მატჩი და ფრე ფინეთის ნაკრებთან
Aa
Aa

ზედრამატული მატჩი და ფრე ფინეთის ნაკრებთან

დღეს თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა და ფინეთის ეროვნულ გუნდს შეერკინა.

ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა ზედრამატული სცენარით წარიმართა. მატჩის მიმდინარეობისას გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერცერთმა გუნდმა შეძლო და შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ფინელებს გამარჯვების დასაკუთრების კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ გაგვიმართლა და შეხვედრა ფრედ 24-24 დასრულდა.

როგორც მოგეხსენებათ, საპასუხო მატჩი 19 იანვარს ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკიში გაიმართება. წყვილის გამარჯვებული კი ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში მონაწილეობის უფლებას მიიღებს.

აქვე გეტყვით, რომ მთავარ შესარჩევ რაუნდში 32 ადგილია - არ ითამაშებენ მხოლოდ ფინალური ტურნირის მასპინძლები, უნგრეთი და სლოვაკეთი, ასევე ევროპის 2020 წლის ჩემპიონი და ფინალისტი. დანარჩენი 32 გუნდი განაწილდება 8 ჯგუფად და ორ წრედ ითამაშებს. ფინალურ ეტაპზე გავა ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი - ანუ 32-დან 20 ნაკრები. შესაბამისად,  ევრო 2022-ზე მოხვედრა სულაც არაა არარეალური მიზანი, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელ პროგრესს.

ცხელი ამბები