გოგამ 14 წუთი ითამაშა - „ინდიანამ“ „ჩიკაგოს“ მოუგო
Aa
Aa

გოგამ 14 წუთი ითამაშა - „ინდიანამ“ „ჩიკაგოს“ მოუგო

გამთენიისას გოგა ბითაძის „ინდიანა“ სტუმრად ცუდ ფორმაში მყოფ „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე კომფორტული უპირატესობით - 116-105 დაამარცხა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი აუტსაიდერის წინააღმდეგ, გოგამ პარკეტზე 14 წუთი და 34 წამი გაატარა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა თავი 4 ქულას, 3 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა. ბითაძემ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამიანი გააფუჭა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. პლუს-მინუსის გრაფაში კი +11 დააფიქსირა, რაც დაგ მაკდერმოტის შემდეგ, „ინდიანას" რიგებში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

ბროგდონისა და საბონისის არყოფნაში „პეისერსს“ მაილს ტერნერმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულასთან ერთად 14 მოხსნა გაიფორმა. ტი ჯეი უორენმა 17 ქულა დააგროვა, ხოლო აარონ ჰოლიდეიმ აქტივში 19 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

„ჩიკაგოსთან“ გამარჯვების შემდეგ, „ინდიანას“ 24 მოგება და 15 წაგება აქვს. „პეისერსი“ მომდევნო შეხვედრაში უშუალო კონკურენტს შეერკინება და საკუთარ არენაზე ჯოელ ემბიდის გარეშე მოასპარეზე „ფილადელფიას“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები