Aa
Aa

სუპერ დონჩიჩი! ლუკამ მაიკლ ჯორდანის რეკორდი დაამხო

„დალას მავერიქსის“ კალათბურთელმა, ლუკა დონჩიჩმა მაიკლ ჯორდანის რეკორდი დაამხო. 20 წლის სლოვენიელმა ისტორიული შედეგი „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დააფიქსირა.

„მეფეებთან“ დაპირისპირებაში ლუკამ თავი 27 ქულას, 7 მოხსნასა და 8 შედეგიან გადაცემას მოუყარა. შედეგად დონჩიჩი NBA-სა და ABA-ის გაერთიანების შემდეგ, პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც მინიმუმ 20 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ზედიზედ 19 შეხვედრაში გაიფორმა.

როგორც აღვნიშნეთ, სლოვენიელის კარგი ასპარეზობის მიუხედავად, „დალასმა“ „საკრამენტოს“ წინააღმდეგობა ვერ დასძლია. ტექსასელებმა ნემანია ბიელიცასა და ბადი ჰილდს ვერაფერი მოუხერხეს და 106-110 დამარცხდნენ.

დონჩიჩის გარდა „მავერიქსის“ რიგებში ტიმ ჰარდაუეი ჯუნიორი გამოირჩა, რომელიც თავის გუნდში საუკეთესო იყო და აქტივში 29 ქულა ჩაიწერა. დორიან ფინი-სმიტმა და კრისტაპს პორზინგისმა კი 13-13 ქულა დააგროვეს.

„საკრამენტოსთან“ მარცხის შემდეგ, „დალასის“ ანგარიშზე 16 მოგება და 7 წაგებაა. რიკ კარლაილის გუნდი დასავლეთ კონფერენციის მესამე ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას 13 დეკემბერს, სტუმრად „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები