ჯოშუა თუ რუისი? - უაილდერის, ფიურის, უაითისა და სხვა მძიმეწონოსანი მოკრივეების პროგნოზი
Aa
Aa

ჯოშუა თუ რუისი? - უაილდერის, ფიურის, უაითისა და სხვა მძიმეწონოსანი მოკრივეების პროგნოზი

7 დეკემბერს ენტონი ჯოშუა ენდი რუის ჯუნიორის დამარცხებას და საჩემპიონო ქამრების დაბრუნებას შეეცდება. „ეიჯეისა“ და „პუტკუნა მექსიკელის“ მატჩრევანშს კრივის ქომაგები მოუთმენლად ელოდებიან. ბუკმეიკერები ფავორიტად ბრიტანელს მოიაზრებენ. მძიმეწონოსანი მოკრივეები კი უპირატესობას რუის ჯუნიორს ანიჭებენ.

დეონტეი უაილდერი

„დარწმუნებული ვარ, რომ ენდის ჯოშუას ნოკაუტში კიდევ ერთხელ ჩაგდება შეუძლია. თუ რუისი მეორე ორთაბრძოლისას რინგზე იგივე დამოკიდებულებითა და საბრძოლო ჟინით გავა, მარტივ გამარჯვებას მოიპოვებს“.

დილიან უაითი

„პირველი ორთაბრძოლის წინ მეგონა, რომ ჯოშუას რუისის ნოკაუტში ჩასაგდებად 6 რაუნდი ეყოფოდა. კარგი ისაა, რომ „ეიჯეის“ შანსი აქვს პირველ შეხვედრაში დაშვებული შეცდომები გამოასწოროს. ის ბრიტანელია და ჩემი კონკურენტია, მაგრამ მაინც მინდა, რომ ენდი რუის ჯუნიორი დაამარცხოს. ეს ბრიტანულ კრივს წაადგება.

ჯოშუამ არ უნდა გამოიყენოს ის ტაქტიკა, რომელიც აქამდე არასდროს გამოუყენებია. მან უბრალოდ ჯებს უნდა მოუხშიროს და ყველაფერი კარგად იქნება“.

ტაისონ ფიური

ჩემი აზრით მეორე ორთაბრძოლა პირველის მსგავსი იქნება. შერკინების წინ სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია სისხლში რა გაქვს გამჯდარი და როგორ ჩხუბობ. თანაც რუისმა ჯოშუა ერთხელ უკვე დაამარცხა და მატჩრევანშის წინ ფსიქოლოგიური უპირატესობა ენდის მხარეს იქნება.

კარიერაში ბუგიმენი ყველა მოკრივეს ჰყავს. პირადად მე ვთვლი, რომ ჯოშუას ბუგიმენის სახელი ენდი რუის ჯუნიორია.

გავიგე ორივე მოკრივეს წონაში დაუკლია და განსხვავებული ტაქტიკა აქვთ არჩეული, მაგრამ მაიკ ტაისონის სიტყვებს მოვიშველიებ და გეტყვით: „ყველა მოკრივეს მაგარი ტაქტიკა აქვს არჩეული, სანამ სახეში მუშტი მოხვდება“.

ლუის ორტისი

„დროა ენდი რუის ჯუნიორმა დაამტკიცოს, რომ პირველ ორთაბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება შემთხვევითობა არ ყოფილა. თუ ენდი კონცენტრირებული მხოლოდ „ეიჯეიზე“ და მასთან ჯახზე იქნება, მიზანს აუცილებლად მიაღწევს. თუმცა 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჯოშუა ტაქტიკას შეცვლის და რუისს ძალიან გაუჭირდება“.

ჯოზეფ პარკერი

„ჩემი აზრით ორივე მოკრივეს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს. ვფიქრობ, რომ თანაბარი ორთაბრძოლა იქნება. თუ ჯოშუა უპირატესობას გამოიყენებს და შორიდან იჩხუბებს, გაიმარჯვებს, მაგრამ თუ ენდიმ ტემპს მოუმატა და „ეიჯეისთან“ ახლოს მისვლა შეძლო, სასურველ შედეგს დააფიქსირებს".

დანიელ დუბუა

„ჯოშუას სათანადოდ არდაფასება არ შეიძლება, მაგრამ თუ მან კონკრეტულ ასპექტებში არ მოუმატა, სერიოზული პრობლემები შეექმნება“.

ცხელი ამბები