აბიდალი:
Aa
Aa

აბიდალი: "ჩვენ ახალი ფორვარდის შესაძენად ვემზადებით და სუარესმა ეს იცის"

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა ერიკ აბიდალმა პრესასთან კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ „ბარსელონა“ ახალი ცენტრფორვარდის შეძენისთვის ემზადება.

აბიდალის თქმით, ლუის სუარესი ამ ყველაფრის საქმის კურსში უკვე კარგა ხანია იმყოფება და ის კლუბის პოზიციას იზიარებს. „აბიმ“ ლაუტარო მარტინესის შესახებაც ისაუბრა.

„მე ფეხბურთელებთან ურთიერთობაში გამჭვირვალე და პირდაპირი ვარ. შეგიძლიათ სუარესს ამის შესახებ ჰკითხოთ და ის თქვენ გიპასუხებთ, რადგან მე მას ამის შესახებ ჯერ კიდევ გასულ სეზონში ვესაუბრე.

მან იცის, რომ ჩვენ ახალ ფორვარდს მოვძებნით და ლუისმა ეს დადებითად მიიღო, რადგან მას გუნდისთვის კარგი უნდა.

დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის კლუბს სატრანსფერო ბაზარზე პრიორიტეტი არ ჰყავს. ვერ გეტყვით ფორვარდის შეძენა ჩვენი პირველი ტრანსფერი იქნება, მეორე თუ მერამდენე. სატრანსფერო პოლიტიკა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგალითად ტრავმებზე.

დიახ, ლაუტარო მარტინესი სრულფასოვანი ფეხბურთელია, ის მაღალი დონის მოთამაშე გახლავთ. მის შესახებ ჩვენ ყველაფერი ვიცით. ასევე არიან სხვა მოთამაშეებიც, რომლებიც არგენტინელის მსგავსად ბევრ კარგ თვისებას ფლობენ.

მე ვიცი რაც არის „ბარსა“ და რა არის ადაპტაცია. იმ მოთამაშეებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, რომლებიც ისედაც ყოველ უქმეებზე თამაშობენ, მე უფრო სხვებს ვაკვირდები“.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის „ბარსას“ სამიზნეთა სიაში ლაუტაროს გარდა, ჰარი კეინი, კილიან მბაპე, მარკუს რაშფორდი, ერლინგ ჰალანდი და დონიელ მალენი იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები