Aa
Aa

პირველი ფინალისტი ცნობილია! ინგლისმა ახალი ზელანდია ყველა კომპონენტში დაჯაბნა!

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი. ინგლისმა მოქმედ ჩემპიონს ახალ ზელანდიას ძალიან დამაჯერებელი თამაშით 19:7 სძლია!

ინგლისელებმა პირველი ტაიმი უშეცდომოდ ჩაატარეს და ზელანდიელებს თავიანთი თამაშის დემონსტრირების საშუალება არ მისცეს.

ევროპელებმა ტაიმი 10:0 მოიგეს. ლელოს ავტორი მანუ ტუილაგი გახდა.

ინგლისმა მეტოქე პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჯაბნა. ედი ჯონსმა ტაქტიკურად ბრწყინვალე სამუშაო გასწია და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს ლამაზ სტილში აჯობა.

ინგლისელები საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებდნენ. ექვსი ერის წარმომადგენლები ლელოს დადებისა და დაწინაურების შემდეგ, თითქმის ყველა შესაძლებლობის მიღებისთანავე ჯარიმის დარტყმას ირჩევდნენ.

ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ზელანდია ინგლისს ანგარიშში იმდენად ჩამორჩა, რომ 1 გარდასახული ლელო მათ აღარ ჰყოფნიდათ.

მოედანზე უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მაღალი დონის ჯახი იყო.

მეორე ტაიმი 9:7 დასრულდა. ზელანდიამ ლელოს დადება მოახერხა, თუმცა ამის მეტს ვერაფერს გახდნენ. ინგლისელებმა კი 3 ჯარიმა გაიტანეს და მოქმედ ჩემპიონებს პირწმინდად აჯობეს.

2007 წლის შემდეგ, პირველად ინგლისელები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ. მათი მეტოქის ვინაობა კი ხვალ სამხრეთ აფრიკასა და უელსს შორის გამოვლინდება.

ცხელი ამბები