Aa
Aa

"ბასკონიამ" დე კოლო ვერ გააჩერა - შენგელიას გუნდი თურქეთში დამარცხდა

დღეს თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ევროლიგის მესამე ტურის შეხვედრა გამართა და სტუმრად ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს "ფენერბაჰჩეს" დაუპირისპირდა.

ბასკებმა თურქულ გრანდს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა "ფენერმა" სასურველი შედეგის დაფიქსირება მაინც მოახერხა.

მატჩის უდიდესი ნაწილი ქულა ქულაში წარიმართა. პირველი მეოთხედი ფრედ, 22-22 დასრულდა. მეორე ათწუთეული კი "ფენერბაჰჩემ" სამი ქულით მოიგო.

მეორე ნახევრის სტარტზე "ბასკონიამ" ანგარიში გაათანაბრა, თუმცა იგრძნობოდა, რომ "ფენერს" უფრო დიდი რესურსი ჰქონდა, რაც დარჩენილ დროში კარგად გამოჩნდა. თურქები წინ მალევე გაიჭრნენ, გადამწყვეტი მეოთხედი 24-22 მოიგეს და საბოლოოდ 87-80 იმარჯვეს.

თორნიკე შენგელიამ შესანიშნავად იასპარეზა და თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ. "თოკომოტივმა" 18 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გაიფორმა. ჩვენებურმა ბრწყინვალე პროცენტით შეუტია  და 6-დან 6 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიას გარდა "ბასკონიას" რიგებში 10 ქულიანი ნიშნული მხოლოდ სამმა კალათბურთელმა გადალახა.

რაც შეეხება "ფენერბაჰჩეს", თურქული გრანდის წარმატება ნანდო დე კოლოს დამსახურება გახლდათ. ამ უკანასკნელმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და 39 ქულა გაიფორმა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები