ხუან მანუელ კორეა: "მადლობას მთელი გულით გიხდით"...
ფორმულა ორის პილოტმა, ხუან მანუელ კორეამ ბელგიაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომელმაც ანტუან ჰუბერტის სიცოცხლე შეიწირა, პირველი განცხადება გაავრცელა.
20 წლის მრბოლელმა კვირას ლონდონში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში 17 საათიანი ოპერაცია გაიკეთა და საავადმყოფოს დატოვება დაახლოებით 6 კვირის შემდეგ შეეძლება. კორეა მომდევნო 12 თვის განმავლობაში ფიზიკური თერაპიისა და სარეაბილიტაციო კურსებს გაივლის და დროგამოშვებით ოპერაციების გაკეთებაც მოუწევს. ხუან მანუელ წინ უამრავი დაბრკოლება ელოდება და ეს თავადაც მშვენივრად მოეხსენება.
„ბოლო რამდენიმე კვირა ურთულესი იყო. ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან ცხოვრებაში ამაზე რთული პერიოდი არასდროს მქონია“.
„მესმის, რომ არის შანსი ჩემი ფეხები, განსაკუთრებით მარჯვენა ფეხი ნორმალურ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდეს. და ვიცი, რომ ფიზიკური სარეაბილიტაციო კურსები ძალიან გრძელი და რთული იქნება“.
„მინდა თითოეულ ადამიანს, რომელმაც რაღაც გზით მხარი დამიჭირა მადლობა გადავუხადო. მადლობას მთელი გულით გიხდით და მინდა იცოდეთ, რომ თქვენგან წამოსულმა პოზიტივმა და თქვენ მიერ ნათქვამმა გამამხნევებელმა სიტყვებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა“.