Aa
Aa

"აკი ბაშო" იწყება - როგორ ფორმაშია ტოჩინოშინი და რას უნდა ველოდოთ მისგან

8 სექტემბერს ტოკიოში რიოგოკუ კოკუგიკანის დარბაზში სტარტს „აკი ბაშო“ აიღებს.

ქართველი სეკიტორი ტოჩინოშინი ტურნირზე კადობანში იქნება და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად მინიმუმ 8 ბრძოლის მოგება დასჭირდება.

ლევან გორგაძე მოახლოებული ბაშოსთვის მთელი დატვირთვით ვარჯიშობს, თუმცა დაზიანება მას ბოლომდე მოშუშებული არ აქვს და ფეხს ძალას 100%-ით ვერ ატანს.

როგორც იაპონური გამოცემები წერენ, ტოჩინოშინი მარჯვენა ფეხს ბოლომდე ვერ ეყრდნობა და ეს ბუნებრივია მას დოჰიოზე პრობლემებს შეუქმნის.

რაც შეეხება მხრის ტრავმას, აქ ვითარება უკეთესობისკენ არის შეცვლილი და ლევანი ხელის გამოყენებას ვარჯიშისას ახერხებს. გასული ტურნირიდან განსხვავებით ქართველი ოძეკი თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და ბრძოლასაც შეძლებს, თუმცა რთული სათქმელია რამდენად ვიხილავთ ტოკიოში ძველ და მრისხანე ტოჩინოშინს...

 

როგორც უკვე ცნობილია იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სუმოტორები შემოდგომის „აკი ბაშოზე“ იასპარეზებენ.

ლევან გორგაძე, დასავლეთის მეორეს ნაცვლად აღმოსავლეთის მეორე ოძეკის სტატუსით გამოვა, რაც ტაკაკეიშოს დაქვეითებას უკავშირდება. „აკი ბაშოზე“ ტოჩინოშინი კადობანში იქნება და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად კაჩი-კოშის გაფორმება დასჭირდება.

სამწუხაროდ მეორე ქართველი სუმოტორი, თეიმურაზ ჯუღელი დაქვეითდა. გაგამარუ ჯურიოს დივიზიონში იასპარეზებს და მეათე ნომრად იქნება გამწესებული.

განახლებულ ბანძუკეს იოკოძუნები კაკურიუ და ჰაკუჰო ლიდერობენ. მათ ოძეკის რანგის მქონე სეკიტორები მოჰყვებიან, რომელთა შორის ლევან გორგაძის გარდა გოეიდო და ტაკაიასუ არიან. სექტემბრის ბაშოზე მიტაკეუმი და ტაკაკეიშო სეკივაკის წოდებით იასპარეზებენ. აღსანიშნავია, რომ თუ ტაკაკეიშომ 10 გამარჯვების დაფიქსირება მოახერხა ოძეკის რანგს დაიბრუნებს.

ცხელი ამბები