Aa
Aa

Le parisien - პსჟ-ს ფეხბურთელები ტუხელის მუშაობით უკმაყოფილოები არიან

Le parisien-ის ინფორმაციით „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები ტომას ტუხელის მუშაობით უკმაყოფილოები არიან. პსჟ-ს მოთამაშეებს გერმანელი სპეციალისტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მისი მეთოდები არ მოსწონთ.

ფრანგულ გამოცემას კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს. ტუხელის შეგირდებს არ ესიამოვნათ ის, რომ ტომასმა „რენთან“ მატჩში იულიან დრაქსლერი, რომელმაც წინა შეხვედრა საშინლად ჩაატარა, ძირითად შემადგენლობაში გაამწესა.

პსჟ-ში გერმანელის მიერ სათამაშო ტაქტიკასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. მარკო ვერატის და კომპანიას „რენთან ჯახში“ იმედი გაუცრუვდათ, რადგან ტუხელმა სათანადო ზომები არ მიიღო და შეტევის ხაზსა და ნახევარდაცვას შორის წარმოქმნილი პრობლემები ვერ აღმოფხვრა.

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები უკმაყოფილოები არიან იმითაც, რომ გერმანელი სპეციალისტის ვარჯიშები ძირითადად შეტევაზე და იერიშების წარმოებაზეა ორიენტირებული. ისინი თვლიან, რომ ყურადღება დაცვაში თამაშზე, გუნდის ტაქტიკაზე და ფეხბურთელებს შორის კომბინაციებზეც უნდა გაკეთდეს.

პსჟ-ს რამდენიმე მოთამაშე კი თვლის, რომ ნეიმარის ტრავმამდე ტუხელის სტრატეგია ასეთი იყო - „მიეცი პასი ნეიმარს“.

Le parisien-ის ცნობით „რენთან“ მატჩის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა თავის პარტნიორს ჰკითხა: „მიხვდი დღეს რა ფეხბურთი ვითამაშეთ“? თანაგუნდელმა კი უპასუხა: „ვერა... როგორც ყოველთვის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები