ტოჩინოშინს კვლავ უმართლებს - თავისი ბრძოლა კაკურიუმაც წააგო!
Aa
Aa

ტოჩინოშინს კვლავ უმართლებს - თავისი ბრძოლა კაკურიუმაც წააგო!

ტოკიოში მიმდინარე „ნაცუ ბაშოზე“ მოვლენები საკმაოდ საინტერესოდ და მოულოდნელად ვითარდება.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ტურნირს ტრავმის გამო გამოტოვებდა იოკოძუნა ჰაკუჰო და ამ ფაქტმა დანარჩენი რიკიშების შანსები საგრძნობლად გაზარდა.

მთავარ ფავორიტად რა თქმა უნდა იკოძუნა კაკურიუ ითვლებოდა, მის შემდეგ მოდიოდნენ ოძეკები და იქვე იყო ტოჩინოშინიც, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ტურნირის დაწყებიდან რამდენიმე დღეში იაპონურმა პრესამ ის მთავარ ფავორიტად შერაცხა.

„ნაცუ ბაშოს“ პირველი მოულოდნელობა ოძეკების სუსტი გამოსვლა იყო. ამ მომენტისთვის ჩემპიონობის შანსი არცერთ მათგანს არ გააჩნია.

დღეს დილით მე-11 დღის ბრძოლები გაიმართა და დიდი სენსაციებიც დაფიქსირდა. როგორც უკვე იცით დამარცხდა ტოჩინოშინი, რომელმაც კარიერაში პირველად აბისთან ბრძოლა დათმო.

ლევანის მარცხის შემდეგ უფრო დიდი მოულოდნელობა დაფიქსირდა და კაკურიუც დამარცხდა.

 

მე-5 მაეგაშირა მიოგირუსთან კაკურიუს მარცხმა ტოჩინოშინს ჩემპიონობის შანსები კვლავ შეუნარჩუნა.

ამ მომენტისთვის ბაშოს ლიდერი მე-8 მაეგაშირა ასანოიამა გახლავთ, რაც ტურნირის უმთავრესი მოულოდნელობა არის. მას ბალანსი 10-1-თან აქვს. ლევანსა და კაკურიუს კი 9-2-თან.

ასანოიამას მეტოქე ხვალ მე-3 მაეგაშირა ტამავაში იქნება, რომელიც საკმაოდ ძლიერი მებრძოლია და მან მიმდინარე ტურნირზე კაკურიუს დამარცხებაც შეძლო.

ასანოიამას ამიერიდან უფრო რთული ორთაბრძოლების გამართვა მოუწევს და საინტერესოა როგორ გაართმევს ის თავს ამ ყველაფერს.

რაც შეეხება ტოჩინოშინსა და მონღოლ იოკოძუნა კაკურიუს. ქართველი რიკიში მე-12 დღეს მე-7 მაეგაშირა მეისეის შეერკინება, რომელთანაც ის კარიერაში პირველ ბრძოლას გამართავს.

კაკურიუ კი მე-5 მაეგაშირა რიუდენს დაუპირისპირდება, რომელიც მიმდინარე ბაშოზე საკმაოდ კარგად გამოიყურება. მისი ანგარიშზე 7 მოგება და 4 მარცხია.

აქვე გეტყვით, რომ ხვალ გამარჯვების შემთხვევაში ლევან გორგაძე ოძეკის წოდებას ოფიციალურად დაიბრუნებს.

ცხელი ამბები