Aa
Aa

ჩილიჩის რთული გამარჯვება და დიმიტროვის მარცხი

მადრიდის მასტერსს პირველსავე წრეში დაემშვიდობა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი, რომელიც ამერიკელ კვალიფიკანტ ტეილორ ფრიტცთან 2 სეტში დამარცხდა. ფრიტცმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩი მოიგო, დიმიტროვთან კი აუტსაიდერად მიიჩნეოდა.

ახალგაზრდა ამერიკელმა თამაში კარგად ჩაატარა და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში - 7:6; 7:6 იმარჯვა. ფრიტცის შემდეგი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება, რომელმაც პირველ რაუნდში დაისვენა და უპირატესობა ამ კუთხითაც ექნება.

დღის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა მარინ ჩილიჩსა და მარტინ კლიჟანს შორის შედგა. ჩილიჩმა პირველი პარტია ერთი ბრეიკით მოიგო, რასაც მეორე სეტში სლოვაკის დომინაცია და მესამე სეტის აუცილებლობა მოჰყვა.

გადამწყვეტი პარტია უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოვიდა, გარდამტეხი მომენტი კი მე-12 გეიმში დადგა, როცა ჩილიჩმა 4 მატჩ-პოინტი მოიგერია, შემდეგ კი ტაიბრეიკზე მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა - 6:4; 2:6; 7:6. მსოფლიოს მე-9 ჩოგანი შემდეგ წრეში იან-ლენარ შტრუფს შეხვდება.

ტურნირს გამოეთიშა ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ფრენსის ტიაფოსთან 3 სეტში დამარცხდა. რიშარ გასკემ, ფილიპ კოლშრაიბერმა და გაელ მონფილსმა კი თავიანთი მატჩები წარმატებით დაასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები