უაილდერი:
Aa
Aa

უაილდერი: "მილერი სამუდამო დისკვალიფიკაციით უნდა დაისაჯოს"

WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი დეონტეი უაილდერი ჯარელ მილერთან დაკავშირებულ სიტუაციას გამოეხმაურა. როგორც მოგეხსენებათ ამ უკანასკნელს რამდენიმე დღის წინ სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს და ენტონი ჯოშუასთან ორთაბრძოლის გამართვის უფლება არ მისცეს.

დაუმარცხებელმა უაილდერმა საკუთარი მოსაზრება Boxingscene.com-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა და მილერი გააკრიტიკა.

"იმ მოკრივეების გამო, რომლებიც აკრძალულ პრეპარატებს მოიხმარნენ, დიდი თანხა დავკარგე. მათი წყალობით კრივს აბსოლუტურად სხვა გადმოსახედიდან ვუყურებ".

"ყოველთვის ვამბობდი, რომ კრივი სპორტის სერიოზული სახეობაა და აქ ჯარელის მსგავსი მებრძოლების ადგილი არაა. რინგზე გასვლისას სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვაყენებთ და პატივს ნამდვილად არ ვცემ ისეთ მოკრივეებს, რომლებიც დოპინგს იღებენ, რათა წარმატებას მიაღწიონ".

"მილერი აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ჯარელმა იცოდა, რასაც აკეთებდა, მაგრამ უკან არ დაუხევია! მას შანსი ჰქონდა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა და რა გააკეთა? ყველაფერი წყალში გადაყარა! საინტერესოა იმ მომენტში, როცა აკრძალულ პრეპარატებს იღებდა, ოჯახზე არ ფიქრობდა? ამ ყველაფერს ხომ საყვარელი ადამიანებისთვის ვაკეთებთ"?

"ერთ-ერთი პრეპარატი, რომელმაც ჯარელმა მიიღო სიმსივნეს იწვევს! წარმოდგენა არ მაქვს პოპულარობის გამო მსგავსი რამ რატომ უნდა გააკეთო. სიტუაციის გამოსასწორებლად ერთადერთი გზა არსებობს და ჯარელი სხვებისთვის მაგალითი უნდა იყოს. მილერი სამუდამო დისკვალიფიკაციით უნდა დაისაჯოს! გამოსავალო მხოლოდ ესაა"!

ცხელი ამბები