Aa
Aa

შეუდარებელი დემიენ ლილარდი! GAME WINNER და რამდენიმე რეკორდი

გამთენიისას „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა“ „ოკლაჰომა სითი თანდერი“ დაამარცხა და პლეიოფის მეორე რაუნდის საგზური მოიპოვა. რასელ უესტბრუკის გუნდის წინააღმდეგ გამართული მატჩი დემიენ ლილარდის ბენეფისად იქცა.

შეხვედრის დასრულებამდე 17 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო 115 – 115. „ტრეილ ბლეიზერსს“ წარმატება სწორედ 28 წლის გამთამაშებელმა მოუტანა. ლილარდმა დაახლოებით 11 მეტრიდან გაშვებული სამქულიანი სირენასთან ერთად ჩააგდო და „პორტლენდის“ გულშემატკივრების გაახარა.

დემიენმა „ოკლაჰომასთან“ მატჩში 50 ქულა დააგროვა და თავისი გუნდის რამდენიმე რეკორდი დაამხო. ლილარდი „ტრეილ ბლეიზერსის“ პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეიოფის მატჩის პირველ ტაიმში 34 ქულა გაიფორმა. ასევე 28 წლის სუპერვარსკლავი ერთადერთი „პორტლენდელია“, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში 50 ქულა მიითვალა და გუნდის არსებობის განმავლობაში პლეიოფში ყველაზე მეტი სამქულიანი სწორედ მას აქვს ჩაგდებული.

„ოკლაჰომას“ ბარიერის დაძლევის შემდეგ ტერი სტოტსის ბიჭებს ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. მეორე რაუნდში ლილარდი და კომპანია „დენვერი“ – „სან ანტონიოს“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და ეჭვგარეშეა იოლი გასეირნება არცერთთან ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები