ტენერიფეში UFC-ის მებრძოლი დააპატიმრეს
Aa
Aa

ტენერიფეში UFC-ის მებრძოლი დააპატიმრეს

გავრცელებული ინფორმაციით ტენერიფეში UFC-ის მებრძოლი, დარენ ტილი დააკავეს. ბრიტანელს ბრალად სასტუმროს ინვენტარის დაზიანება და ტაქსის მძღოლის მანქანის გატაცება ედება.

სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი კოსტა ადეხეს რეგიონში დააპატიმრეს და მათ შორის დარენ ტილიც იყო.

El Dia-ს ცნობით 26 წლის მებრძოლმა და მისმა მეგობრებმა სასტუმროში ავეჯი დააზიანეს, რის გამოც ადმინისტრაციამ შენობის დატოვება მოსთხოვა. ინციდენტის შემდეგ ტილი და კომპანია სხვა სასტუმროსკენ გაემართნენ, თუმცა ხელმძღვანელობამ მათ შეშვებაზე უარი განაცხადა.

EL Dia-მ ავტომობილის გატაცების დეტალებიც გაასაჯაროვა. ესპანური გამოცემის მიხედვით დარენმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მანქანა მაშინ გაიტაცეს, როცა ტაქსის მძღოლი მათ ბარგს ავტომობილის საბარგულში ათავსებდა. მანქანის მფლობელმა პოლიციას მიმართა და სამართალდამცველებმა ტილი რამდენიმე წუთში დააკავეს.

დარენის გარდა პრობლემები კიდევ ოთხ ბრიტანელს აქვს, თუმცა მათი ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება. 

ტილს UFC-ში 20 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული. ბრიტანელმა წარმატებას 17 დაპირისპირებაში მიაღწია, მაგრამ ბოლო ორი შერკინება დათმო.

დარენი ჯერ ტაირონ ვუდლისთან დამარცხდა. შემდეგ კი ხორხე მასვიდალის წინააღმდეგობა ვერ დაძლია. 26 წლის მებრძოლმა რამდენიმე კვირის წინ კონორ მაკგრეგორიც გამოიწვია და ირლანდიელს ბრძოლის ლას-ვეგასში ან „ენფილდზე“ ჩატარება შესთავაზა.

ცხელი ამბები