Aa
Aa

ნადალის იოლი გამარჯვება და ნიშიკორის მარცხი - ინდიან უელსი გადამწყვეტ ფაზაში შედის

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა ინდიან უელსის მასტერსზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა. რაფას მეტოქე არგენტინელი დიეგო შვარცმანი გახლდათ, რომელსაც საქმე ძალიან მარტივად მოუმთავრდა და 6:3; 6:1 დაამარცხა.

ნადალი მატჩის შემდეგ საკუთარი მოწოდების ხარისხით კმაყოფილი იყო, თუმცა სხვა ასპექტებში ხარვეზებსაც გაუსვა ხაზი.

„ვფიქრობ, ბევრი რამ კარგად გავაკეთე, განსაკუთრებით მოწოდება გამომდიოდა, რის შემდეგაც ყველაფერი გაცილებით მარტივდება. დასაწყისში არასტაბილურად ვთამაშობდი და კარგი დარტყმები და შეცდომები ერთმანეთს ცვლიდა.

თუმცა, პირველი წუთშესვენების შემდეგ კარგად ავთამაშდი, უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვი, ჩემმა მოქმედებებმა მეტი სიმშვიდე შეიძინა“.

ნადალი ტურნირის მომდევნო წრეში მსოფლიოს 113-ე ჩოგანს, სერბ ჩოგბურთელ ფილიპ კრაინოვიჩს შეხვდება.

გათამაშებას გამოეთიშა იაპონელი კეი ნიშიკორი, რომელმაც პოლონელ უმბერ ჰურკაჩთან 3 სეტიანი დაპირისპირება დათმო. თანაც, ნიშიკორიმ პირველი სეტი მოიგო და გადამწყვეტ პარტიაშიც ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ ჰურკაჩის ჩაწოდება კარგად მუშაობდა და პოლონელის 10 ეისი წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი აღმოჩნდა.

ჰურკაჩი 1/8 ფინალში თინეიჯერ კანადელ დენის შაპოვალოვს შეხვდება, რომელმაც მე-10 ნომრად განთესილ მარინ ჩილიჩს 6:4; 6:2 მოუგო.

დღის ცენტრალური შეხვედრა შვეიცარიელებს - როჯერ ფედერერსა და სტენ ვავრინკას შორის ჩატარდა. მატჩი როჯერის უპირატესობით წარიმართა და მან ორივე სეტში თითო ბრეიკით იმარჯვა - 6:3; 6:4. ფედერერის შემდეგი მოწინააღმდეგე ბრიტანელი კაილ ედმუნდი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები