Aa
Aa

კარლ-ენტონი თაუნსის ისტორიული მატჩი

„მინესოტა ტიმბერვულვზმა“ სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და საშინაო კედლებში „ოკლაჰომა სითი თანდერი“ დაამარცხა. ბილი დონოვანის გუნდს ვერც პოლ ჯორჯის დაბრუნებამ უშველა და ბოლო 6 შეხვედრიდან მეხუთე წააგო.

„მინესოტას“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი კარლ-ენტონი თაუნსმა შეიტანა. 23 წლის ცენტრმა სეზონში 42-ე ორმაგი დუბლი გაიფორმა და აქტივში 41 ქულა  და 14 მოხსნა ჩაიწერა. პლუს ამას თაუნსი „ტიმბერვულვზის“ საუკეთესო მექულეთა სიაში ერთი ადგილით დაწინაურდა. მან ლეგენდარულ უოლი შერბიაკს გადაასწრო, რომელსაც „მინესოტას“ მაისურით 6777 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. თაუნსმა მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა, მის ანგარიშზე 6808 ქულაა.

23 წლის კალათბურთელის მომდევნო მეტოქე კევინ ლავია. მინეაპოლისში ყოფნისას „კლივლენდ კავალიერსის“ ცენტრმა 6989 ქულა გააკეთა. რაც შეეხება პირველ ადგილს, მას „ტიმბერვულვზის“ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, კევინ გარნეტი, იკავებს. „კეიჯის“ „მინესოტას“ რიგებში 19201 ქულა აქვს ჩაგდებული.

მინეაპოლისელებმა თაუნსი 2015 წლის დრაფტზე აიყვანეს და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. კარლ-ენტონიმ გაცემული ავანსები გაამართლა და წლევანდელ სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. იგი საშუალოდ 23.9 ქულას, 12.3 მოხსნას, 3.3 შედეგიან გადაცემას და 1.7 დაფარებას აგროვებს. თაუნსის წარმატებული თამაშის მიუხედავად „მინესოტას“ დადებითი ბალანსი მაინც არ ქვს. „ტიმბერვულვზი“ დასავლეთ კონფერენციის მეათე პოზიციაზე იმყოფება და თავს 30 მოგებითა და 34 მარცხით იწონებს.

ასევე იხილეთ - უქმეების TOP 10 გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები