Aa
Aa

ატლეტიკო VS იუვენტუსი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი და საინტერესო წყვილი „ატლეტიკომ“ და „იუვენტუსმა“ შეადგინეს. ისინი პირველ შეხვედრას მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამართავენ, სადაც წლევანდელი ტურნირის ფინალი უნდა ჩატარდეს.

გუნდები ერთმანეთს 2014-2015 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში დაუპირისპირდნენ, ამ სტადიონზე „ათლეტებმა“ 1:0 მოიგეს, ტურინში კი გოლი არ გასულა. სხვა მხრივ კი აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკოს“ იტალიური კლუბების წინააღმდეგ გამართულ ბოლო 9 მატჩში, 7 მოგება და 2 ფრე აქვს. ცალკე სათქმელია მადრიდელთა სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში, სადაც „ათლეტებს“სახლის მატჩი 22 წელია არ წაუგიათ.

დიეგო სიმეონეს გუნდს ტრავმირებული ლუკა ერნანდესი დააკლდება, სამაგიეროდ, 2 თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა დიეგო კოშტა, რომელიც, შესაძლოა, მეორე ტაიმში ვიხილოთ. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, ესაა მატჩი, რომელიც მის ბიჭებს ზრდაში დაეხმარება.

სიმეონე: „უძლიერეს მეტოქეს ვეთამაშებით, რომელსაც ბევრი ძლიერი მხარე აქვს. ამასთან ერთად მათ რამდენიმე წელია ერთი მწვრთნელი ჰყავთ, ისევე როგორც ჩვენ. იუვეს ფეხბურთელებს კი შედეგისთვის ბრძოლა შეუძლიათ. ჩვენ კი მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. ვფიქრობ, ეს თამაში ზრდაში დაგვეხმარება.

რონალდუმ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც იუვენტუსში გადავიდა. პროფესიონალი სპორტსმენისთვის უდიდესი გამოწვევაა, როდესაც იუვეში თამაშობ. თუმცა ჩვენ მხოლოდ გრიზმანზე, მორატაზე, კოშტაზე, ლემარზე, კოკესა და საულზე ვფიქრობთ, რადგან ჩვენ ყველა ეს ფეხბურთელი გვაიმედებს და გამარჯვების მოლოდინში ვართ.“

იტალიელთა მთავარი დამრტყმელი ძალა, კრიშტიანუ რონალდუ „როხიბლანკოს“ კარში მორიგი გოლის გასატანად ემზადება, მას ამ გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ 31 თამაშში 22 შედეგიანი დარტყმა აქვს შესრულებული.

„იუვემ“ სერია A-ს მატჩი პარასკევს ჩაატარა და აუტსაიდერ „ფროზინონეს“ იოლად აჯობა, ასე რომ, ალეგრის შეგირდები ფიზიკურ დაღლილობას ნამდვილად არ უნდა გრძნობდნენ. მეორე მხრივ, „ბებერ ქალბატონის“ დაცვის ლიდერებს, კიელინისა და ბონუჩის ტრავმები ახალი მოშუშებული აქვთ და ოპტიმალური ფორმისგან შორს არიან.

მასიმილიანო ალეგრის, რომლის გუნდსაც, სავარაუდოდ, ხედირა და დუგლას კოშტა დააკლდება, მიაჩნია, რომ „ვეკია სინიორამ“ ფრეზე არ უნდა იფიქროს და მისი სადღეისო მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.

ალეგრი: „ის რომ ჩვენ რონალდუ გვყავს, რა თქმა უნდა უპირატესობაა, რადგან უკანასკნელი 10 თუ 11 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუ და მესი არიან. ასე რომ ეს ჩვენთვის კარგია, თუმცა გუნდმა მაღალ დონეზე უნდა ითამაშოს, რადგან რონალდუს ყოფნა იმის გარანტია არაა, რომ გამარჯვებას მიაღწევ. ფეხბურთში ხომ ყველაფერი პროპორციულად არ ხდება. მისი ყოფნა უფრო მეტ შანსს ნიშნავს, რადგან ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. რაც შეეხება მატჩს, უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, ატლეტიკომ ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი ითამაშა და ევროპა ლიგა მოიგო. მათი ყველაზე ძლიერი მხარე  დაცვაა. ნამდვილად არაა ადვილი რომ ამდენი წლის განმავლობაში გუნდი ერთნაირად კარგად თამაშობდეს, ასე რომ სიმეონეს უნდა მივულოცო, რადგან მან ეს მოახერხა. ორ ულამაზეს მატჩს ველი, რომელიც ორ ძლიერ და კარგად ორგანიზებულ გუნდს შორის შედგება. ვნახოთ რა მოხდება.“

„ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება. მატჩის მთავარი არბიტრი გერმანელი ფელიქს ცვაიერი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები