ჯარელ მილერი ენტონი ჯოშუას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
Aa
Aa

ჯარელ მილერი ენტონი ჯოშუას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

რამდენიმე საათის წინ ბრიტანელმა მოკრივემ, ენტონი ჯოშუამ, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და მომდევნო ოპონენტად ჯარელ მილერი დაასახელა.

WBA-ის, IBF-ის, WBO-ს და IBO-ს ეგიდით მსოფლიო ჩემპიონი ამერიკელს მისსავე სამშობლოში დაუპირისპირდება და ა.შ.შ-ის მიწაზე სადებიუტო გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. ორთაბრძოლა ნიუ-იორკში, პირველ ივნისს შედგება.

ჯოშუას გადაწყვეტილებას კრივის ქომაგთა შორის დიდი რეზონანსი მოჰყვა. მათი აზრით მილერს წარმატების არანაირი შანსი არ აქვს და ენტონი უმარტივეს გამარჯვებას მოიპოვებს, თუმცა ჯარელი სხვა აზრზეა.

"ორთაბრძოლაზე თანხმობის გაცხადებით და ჩემს სამშობლოში ჩამოსვლით, ჯოშუა უდიდეს შეცდომას უშვებს. მას სურს საკუთარი თავი ამერიკულ პუბლიკას გააცნოს, მაგრამ რეალურად სხვა რამ მოხდება. ენტონი საჩემპიონო ქამრებს თავისივე ფეხით მომიტანს“.

„საჩემპიონო ორთაბრძოლაზე მთელი ცხოვრების მანძილზე ვოცნებობდი და პირველ ივნისს მივაღწევ იმას, რის გამოც დავიბადე - მსოფლიო ჩემპიონი გავხდები“.

„ჩემი ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე „პანკი“ ჯოშუა დგას. პირველ ივნისს მას გავანადგურებ და მიწასთან გავასწორებ“.

მილერის მსგავსად საკუთარ გამარჯვებაში ენტონი ჯოშუაც დარწმუნებულია: „ჯარელს შანსს არ დავუტოვებ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა! მილერს ნაწილებად დავშლი“.

ასევე იხილეთ - შენგელია როგორც ჯონ სნოუ - "ბასკონიას" ორიგინალური ვიდეო

ცხელი ამბები