Aa
Aa

"მას ნაკრებში წარუმატებლობა "სტკივა" - სავიოლა მესიზე საუბრობს

ხავიერ სავიოლასა და ლიონელ მესის არგენტინის ეროვნულ ნაკრებში გარკვეული პერიოდის ერთად გატარება მოუწიათ. 37 წლის თავდამსხმელი მესის ნაკრების მიმართ დამოკიდებულების შესახებ საუბრობს. ვეტერანი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მის თანამემამულეს ნაკრებში წარუმატებლობა ძალიან აწუხებს.

"სამწუხაროდ, მესის ნაკრებთან ერთად ამ დრომდე დიდი ტიტული არ მოუგია, არგენტინელი ფანები კი უაღრესად მომთხოვნები არიან. იგი გუნდთან ერთად კოპა ამერიკის ფინალში 3-ჯერ გავიდა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა, თუმცა თასის მოგება ჯერაც მიუღწეველი ამოცანაა.

მე ლეოს კოლეგა ვიყავი და ვიცი, ის ქვეყნის მიმართ რას გრძნობს და როგორ "სტკივა", რომ რაღაცები ისე არ ხდება, როგორც მას სურს. ახლა მთავარი მაინც ისაა, რომ ნდობა გამოვუცხადოთ და მე მჯერა, რომ 2022 წლის ჩემპიონატი არგენტინის იქნება.

მესი ჯერ კიდევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და, შესაძლოა, ისტორიაში საუკეთესოც, თუმცა ყველა ველოდებით, რომ ის ნაკრებთან ერთად რამეს მოიგებს, რაც ამ მოსაზრებას კიდევ უფრო გაამყარებს. ეროვნულ გუნდში თამაში განსხვავებული სპეციფიკაა, რადგან არგენტინის ნაკრები "ბარსელონა" არაა. "ბარსაში" ფეხბურთელები ყოველდღიურად ერთობლივად ვარჯიშობენ, ეს კი წლები გრძელდება, მეთოდებიც განსხვავებულია. ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში დიდ განსხვავებას გვაძლევს".

"მარადონა ჩვენი ქვეყნის სახე იყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოგვიტანა. ის და მესი ძალიან განსხვავებული ფეხბურთელები არიან, ამავე დროს, საერთოდ სხვადასხვა საფეხბურთო ეპოქაში თამაში მოუწიათ. როგორც არგენტინელმა, შემიძლია ვიამაყო, რომ ჩემს ქვეყანას ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო მასშტაბით 2 უძლიერესი ფეხბურთელი ჰყავდა". - ამბობს სავიოლა.

ხავიერ სავიოლამ აქტიური საფეხბურთო კარიერა 2016 წელს, "რივერ პლეიტში" დაასრულა, ამჟამად კი ფუტზალს თამაშობს და ანდორული კლუბის, "ენკამპის" ღირსებას იცავს. ტანმორჩილმა ფორვარდმა არგენტინის ნაკრებში 2000-2007 წლებში ითამაშა და 39 მატჩში 11 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები